ნოუ-ჰაუ დანიურად - სტადიონზე ვირტუალურ ტრიბუნებს დაამონტაჟებენ
ნოუ-ჰაუ დანიურად - სტადიონზე ვირტუალურ ტრიბუნებს დაამონტაჟებენ

დანიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 8 მარტს შეწყდა. პაუზის შემდეგ პირველი მატჩი „ორჰუსსა“ და „რანდერსს“ შორის, 28 მაისს გაიმართება. მატჩზე ფეხბურთელებს საინტერესო სიახლე ელოდებათ – ინფორმაციას „ორჰუსის”“ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

უსაფრთხოების ზომების გამო, შეხვედრა ცარიელ სტადიონზე გაიმართება, მაგრამ მატჩის მსვლელობისას, „ზუმ“-ის (Zoom) დახმარებით სტადიონის ეკრანზე აჩვენებენ, თუ როგორ ქომაგობენ სახლიდან გუნდებს გულშემატკივრები და სპეციალური ეკრანების მეშვეობით ვირტუალურ ტრიბუნებს დაამონტაჟებენ. ამავე დროს, „ორჰუსმა“ გულშემატკივრებს სთხოვა, რონ სტადიონის სკამებზე მიიტანონ შარფები, მაისურები და სხვა საკლუბო ატრიბუტიკა და ტრიბუნებზე განათავსონ.

კიდევ ერთი სახალისო ამბავი – დანიელებმა თამაშზე დასასწრები ვირტუალური ბილეთებიც მოიგონეს, რომელიც უფასოა, მთავარი იყო, გულშემატკივარს სტადიონზე ვირტუალურად ადგილი დროულად დაეჯავშნა და კლუბის ვებგვერდის ცნობით, უკვე ყველა ბილეთი ათვისებულია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დანიელებმა პანდემიის დროს გამომგონებლობის გასაოცარი უნარი რომ გამოავლინეს. „მიდტიულანდმა“ გულშემატკივარს და სუპერლიგის სხვა გუნდებს კლასიკური კინოთეატრების მსგავსი მოდელის გამოყენება შესთავაზა, ოღონდ – სტადიონის ავტოსადგომიდან, რათა ავტომობილებიდან მატჩს თვალი ერთად ადევნონ სტადიონის ტრიბუნაზე განთავსებული გიგანტური ეკრანის დახმარებით. ავტოსადგომებზე 2,000 მანქანა ეტევა, თითოეულ ავტომობილში კი ჩასხდომას მინიმუმ სამი გულშემატკივარი შეძლებს. სხვათა შორის, ასეთი ეკრანი „ორჰუსისა“ და „რანდერსის“ მატჩისთვისაც დაამონტაჟეს.