რა შეიძლება მოიმოქმედოს ირანმა, თუ აშშ ბირთვულ შეთანხმებას დატოვებს - რეგიონული გავლენა
9 მაისს ცნობილი გახდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) შორის 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ, ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად გაუქმებას ისახავს მიზნად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ აშშ ამ შეთანხმებას ხვალ გამოეთიშება, ხელშეკრულება შესაძლოა, გაუქმდეს. როგორ აისახება ეს მოვლენები ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარს „როიტერსი“ სტატიას უძღვნის.
ერაყი
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 2014 წელს ერაყის უდიდესი ნაწილის დაპყრობის შემდეგ, ირანი ოფიციალურ ბაღდადს მხარში დაუდგა. თეირანი ერაყს შეიარაღებით და ათასობით შიიტი მებრძოლის გაწვრთნაში დაეხმარა. დღეს კი სახალხო მობილიზაციის ძალები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაა, რომლის სურვილია, აშშ-მა ერაყი დატოვოს. ბირთვული შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში, ირანს შეუძლია წააქეზოს სახალხო მობილიზაციის ძალები, რომელთაც თავის მხრივ, შესაძლოა ამერიკული ძალების წინააღმდეგ განახორციელონ სამხედრო თავდასხმები. ამ ფორმით ირანს საშუალებას მიეცემა, ერაყში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აირიდოს.
სირია
ირანი და გასამხედროებული მოკავშირეები, მაგ. ლიბანური ჰეზბოლა, სირიის ომში 2012 წლიდან ჩაერთვნენ. ირანი სირიის ხელისუფლების მხარდასაჭერად აიარაღებს და წვრთნის ათასობით შიიტ გასამხედროებულ მებრძოლს. ისრაელის ინფორმაციით, მათი რიცხვი 80 ათასს აღწევს.
ირანის არსებობამ სირიაში, თეირანი ისრაელთან პირდაპირ კონფლიქტამდე მიიყვანა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისინი არასდროს დართავენ ნებას თეირანს ან ჰეზბოლას, სირიაში სამხედრო ძალა მუდმივად იყოლიონ.
„როიტერსი“ აღნიშნავს, რომ ბირთვული შეთანხმების ჩავარდნის შემთხვევაში, ირანს აღარ დარჩება მოტივაცია, შეაჩეროს სირიელი შიიტური მილიციის ძალები, არ განახორციელონ თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ.
ირანსა და იმ შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც თეირანი სირიაში აკონტროლებს, შეუძლიათ პრობლემები შეუქმნან აშშ-ის 2000-მდე სამხედროს, რომლებიც ქურთი მებრძოლების მხარდასაჭერად, სირიის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით არიან დისლოცირებული.
ლიბანი
ისრაელისა და აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ირანი ლიბანურ ჰეზბოლას ეხმარება, ააშენოს ქარხნები მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტების საწარმოებლად ან გადააიარაღოს შორი რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტები და აღჭურვოს ისინი სიზუსტის სისტემებით.
თუ ბირთვული შეთანხმება ჩაიშლება, ირანს შეუძლია ზეწოლა განახორციელოს ჰეზბოლაზე, რათა იზოლაციაში მოაქციოს ოპონენტები, მოვლენების ასეთი განვითარება კი ლიბანში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები თავს ესხმოდნენ ჰეზბოლას სირიაში, რის გამოც, ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება ბოლო პერიოდში გამწვავდა კიდეც. თუმცა, ჰეზბოლაც და ისრაელიც აცხადებენ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული კონფლიქტით. არსებობს საშიშროება, რომ მათ შორის დაძაბულობა მარტივად შეიძლება გადაიზარდოს ლიბანის ახალ ომში. მით უმეტეს, რომ 2006 წელს ჰეზბოლასა და ისრაელს შორის 34-დღიანი დაპირისპირება არსებობდა.
იემენი
ირანს არასდროს უღიარებია პირდაპირი სამხედრო ჩართულობა იემენში. თუმცა, აშშ და საუდის არაბეთი აცხადებენ, რომ სწორედ თეირანი ამარაგებს მეამბოხე ჰუსიტებს რაკეტებითა და სხვა ტიპის იარაღით.
ირანი და საუდის არაბეთი რეგიონული ლიდერობისთვის იბრძვიან. ირანის ბირთვული შეთანხმების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთანხმება კონფლიქტის გამწვავებას აფერხებს. შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში კი, ირანმა შესაძლოა გააძლიეროს ჰუსიტების მხარდაჭერა და საუდის არაბეთისა და მოკავშირეების მხრიდან სამხედრო პასუხის პროვოცირება გამოიწვიოს.
ხელშეკრულება
ერთ-ერთი ვარიანტი, რასაც ირანში განიხილავენ, გაუვრცელებლობის შეთანხმების დატოვებაა. ეს კი მსოფლიოსთვის განგაშის სიგნალი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თეირანი დარჩება ამ შეთანხმებაში, ის სავარაუდოდ განაგრძობს ურანის გამდიდრებას, რომელიც ამჟამინდელი შეთანხმებით მკაცრად აკრძალულია. ირანის ქმედებაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ ფაქტმაც, თუ რა რეაგირება ექნებათ შეთანხმების ხელმომწერ სხვა მხარეებს (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი). ასევე დამოკიდებული იქნება, რამდენად დაჟინებით მოითხოვენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია, რომ მათმა კომპანიებმა ირანთან ბიზნესურთიერთობა განაგრძონ.
მასალა მომზადებულია Reuters-ის მიხედვით