ირანის ხელისუფლება ნოემბრის ბოლომდე ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა
ირანის ხელისუფლება ნოემბრის ბოლომდე ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა

ირანის ხელისუფლება ნოემბრის ბოლომდე ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა. ამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებში ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალი ბაღერი კანიმ განაცხადა.

ირანის წარმომადგენელმა მანამდე შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ენრიკე მორასთან. მხარეებმა მიმდინარე წლის ივნისში შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებაზე ისაუბრეს.

მოლაპარაკებების შეწყვეტამდე ირანის ხელისუფლება ბირთვული შეთანხმების განახლებაზე ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და რუსეთის წარმომადგენლებთან საუბრობდა. მოლაპარაკება მიზნად ისახავს ბირთვული შეთანხმების აღდგენას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.

2018 წელს აშშ-ის მიერ შეთანხმების ცალმხრივად დატოვების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედება ირანმაც შეაჩერა და ურანის გამდიდრება დაჩქარებული ტემპებით დაიწყო. ბაიდენის ადმინისტრაციამ ირანს შეთანხმებაში დაბრუნებისკენ არაერთხელ მოუწოდა.