ვენაში ირანის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა
ვენაში ირანის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა

ვენაში ირანის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების რიგით მეშვიდე რაუნდი დასრულდა. მოლაპარაკებებში პირველად იღებდნენ მონაწილეობას ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დელეგატები. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები უკმაყოფილონი დარჩნენ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდით, რადგან ირანი ტექსტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ითხოვს.

ევროპელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ირანის პოზიცია არ იძლევა კომპრომისის მიღწევის რეალურ შანსს. მათი თქმით, ისინი იმედგაცრუებული და შეშფოთებული არიან ტექსტში ირანის მიერ შეთავაზებული ცვლილებების გამო, რომელიც ვენაში მოლაპარაკებების ბოლო ექვსი რაუნდის განმავლობაში შეთანხმდა.

ევროპელმა დიპლომატებმა ირანი დესტრუქციულ პოზიციაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ირანმა უარი თქვა თითქმის ყველა მნიშვნელოვან კომპრომისზე, რომლებიც დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად იყო მიღწეული. ამასთან, ევროპელმა დიპლომატებმა ირანი გააფრთხილეს, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული უთანხმოებების დიპლომატიური გზებით მიგვარებისთვის სულ მცირე დრო რჩება.

მოლაპრაკებები ვენაში მომავალ კვირაში განახლდება. მოლაპარაკებებზე შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა დაგეგმილი.