რა ხმებს გამოსცემს დედამიწის მაგნიტური ველი მზის შტორმის დროს — მეცნიერებმა ისტორიაში პირველი ჩანაწერი გააკეთეს
რა ხმებს გამოსცემს დედამიწის მაგნიტური ველი მზის შტორმის დროს — მეცნიერებმა ისტორიაში პირველი ჩანაწერი გააკეთეს

კოსმოსში თქვენს ყვირილს ვერავინ გაიგონებს, რადგან ვაკუუმში ბგერა ვერ ვრცელდება. თუმცა, თუ ელექტრომაგნიტურ რადიაციას ხმად გარდავქმნით, უცბად ის ძალიან ხმაურიანი ადგილი გახდება. გამონაკლისი არც დედამიწაა, კონკრეტულად კი მისი გამდნარი ბირთვის მიერ წარმოქმნილ მაგნიტურ ველს შიგნით და მის გარშემო.

ეს ბარიერი, რომელსაც მაგნიტოსფერო ეწოდება, ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტია სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტისთვის, რადგან გვიცავს მზის ქარების სასტიკი რადიაციისგან. რაც უფრო ძლიერია ეს ქარი, მით უფრო ხმამაღლა „მღერის“ მაგნიტოსფერო.

როდესაც მზის ქარის დამუხტული ნაწილაკები მაგნიტოსფეროს ურტყამს, გარკვეული ნაწილი მაგნიტური ველის წინ, შოკური ნაწილიდან აისხლიტება და უკან, მზისკენ მიემართება. ამის შემდეგ, ეს ასხლეტილი ნაწილი ურთიერთქმედებს წინ მომდინარე მზის ქარის ნაკადთან, იწვევს პლაზმის არასტაბილურობას და წარმოქმნის მაგნიტოაკუსტიკურ ტალღებს.

ამის შემდეგ, მეცნიერები ამ მაგნიტოაკუსტიკურ ტალღებს ხმად გარდაქმნიან — უცნაურ ჭყივილად და სტვენად, რათა შეისწავლონ მზის ქარსა და მაგნიტოსფეროს შორის ურთიერთქმედების დინამიკა.

ამჯერად, პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა დედამიწისა და მზის ეს „სიმღერა“ მზის შტორმის დროს ჩაიწერეს, როცა მზის ქარი მაგნიტოსფეროს ყველაზე ძლიერად და სასტიკად ურტყამს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია „კლასტერის“ ოთხმა ხომალდმა, რომლებიც დედამიწის ორბიტაზე მოძრაობენ, მზის ექვსი შტორმი ფორშოკიდან ჩაიწერეს — რეგიონში, სადაც მზის ქარი პირველად ეჯახება დედამიწის მაგნიტოსფეროს.

როგორც ამ ელექტრომაგნიტური ტალღების აუდიოფაილებიდან ჩანს, მზის შტორმის მიერ მაგნიტოსფეროში წარმოქმნილი ტალღები იმაზე გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ჰელსინკის უნივერსიტეტის ფიზიკოს ლუსილ ტურკიც განცხადებით, მათი კვლევა აჩვენებს, რომ მზის შტორმები სერიოზულად ცვლის ფორშოკის რეგიონს.

როგორც მოცემულ ვიდეოში გესმით, მაგნიტოსფერო არასოდეს წყნარდება. მზიდან ყოველთვის მოფრინავს ნაწილაკები და რადიაცია, რაც მზის მშვიდ ამინდს აუარესებს.

მზის შტორმის დროს, როდესაც მზის ზედაპირზე ფართომასშტაბიანი მაგნიტური ამოფრქვევები ხდება, დამუხტული ნაწილაკები კოსმოსში იტყორცნება და ყველაფერი უფრო დრამატულად წარიმართება. მაშინ, როცა ეს შტორმი დედამიწას ურტყამს, ვხედავთ თვალწარმტაც პოლარულ ციალს.

ნორმალური, ჩვეულებრივი ამინდის დროს, მაგნიტოსფერო წარმოქმნის დაბალი სიხშირის ტალღებს, რომლებშიც ერთი სიხშირე დომინირებს. მზის შტორმის დროს, მზის ქარის წნევა ტალღების სიხშირეს გაცილებით მაღლა სწევს. გარდა ამისა, ამ მაღალი სიხშირის ტალღების რაოდენობა გაცილებით კომპლექსურია და არ დომინირებს რომელიმე ერთი სიხშირე.

როგორც ტურკი შენიშნავს, სიხშირეთა ცვლილებას ისინი დიდი ხანია ეჭვობდნენ, მაგრამ არა ტალღის კომპლექსურობის ასეთი დონით.

მზის ძლიერ შტორმებს შეუძლია გეომაგნიტური აშლილობის წარმოქმნა, რაც აზიანებს საკომუნიკაციოა და სანავიგაციო ხელსაწყოებსა და ელექტროსისტემებს.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.