დედამიწის სიღრმეში მაგნეტიზმის აქამდე უცნობი წყარო აღმოაჩინეს
დედამიწის სიღრმეში მაგნეტიზმის აქამდე უცნობი წყარო აღმოაჩინეს

ახალი კვლევის ფარგლებში, ჩვენი პლანეტის ღრმა, უკიდურესად ცხელ ფენებში მეცნიერებმა მაგნეტიზმის აქამდე უცნობი წყარო აღმოაჩინეს. დედამიწის მანტიას სავარაუდოდ აქვს რკინის ოქსიდის (Fe2O3) შემცველი უბნები, რომლებსაც რეალური ეფექტისთვის საკმარისი მაგნიტური მიზიდულობა აქვს.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც მეტყველებს, რომ მინერალი ჰემატიტი თავის მაგნიტურ თვისებებს ინარჩუნებს მაშინაც, როცა ის მთების ქანების ქვეშაა ჩაპრესილი და 1000 გრადუს ცელსიუსზეა გაცხელებული.

გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტის მინერალების ფიზიკოსის, ილია კუპენკოს განცხადებით, ეს აღმოჩენა და ძლიერ მაგნიტური რეგიონი წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში, დედამიწის მაგნიტური ველის სრულიად ახლებურად კვლევის საშუალებას გვაძლევს.

მაგნიტური ველის ხაზებისგან შექმნილი ერთგვარი გიგანტური „გალია“, რომელიც პლანეტის ზედაპირს საზიანო რადიაციისგან იცავს, უმეტესწილად წარმოქმნილია დედამიწის მბრუნავ, რკინის ბირთვში.

სწორედ ამ დინამოს ეფექტის გამო აქვს მაგნიტური ველი დედამიწას და არ აქვს მარსს. ჩვენი პლანეტის ბირთვი ჯერაც თუხთუხებს, წითელი მეზობლის გული კი დროთა განმავლობაში გაცივდა.

ორივე პლანეტის მყარ ბირთვში ჩაჭედილ მინერალებს გარკვეული გავლენა აქვთ დინამოს ეფექტზე, რაც განაპირობებს ორბიტიდან შემჩნეული მაგნიტური გავლენის მეორე წყაროს არსებობას.

მიუხედავად იმისა, რო მსგავსი მინერალები მიწისქვეშ მრავლადაა, უზარმაზარი სიცხისა და წნევის პირობებში მათი მაგნიტური გავლენა თანდათანობით უნდა ქრებოდეს, სულ მცირე, ასეა თეორიულად.

თუმცა ამ ნივთიერებათა ექსტრემალურ გარემოში შემოწმება არც ისე იოლია.

ჩვენი პლანეტის მაგნიტური პოლუსები საკმაოდ არაპროგნოზირებადი გზით მოძრაობს. სწორედ ამის გამო, უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის ცოდნა, თუ როგორ იქცევა რეალურად მანტიაში არსებული მაგნიტური ნივთიერებები.

წარმოუდგენლად დიდ სიღრმეში არსებული ჰემატიტების შესწავლის ტექნიკური პრობლემის დასაძლევად, მეცნიერებმა ე. წ. მესბაუერის სპექტროსკოპია გამოიყენეს, რაც ალმასის გრდემლზე ლაზერით გახურებას გულისხმობს.

შედეგად, ჰემატიტები მათ 26 – 1026 გრადუს ცელსიუსამდე გააცხელეს და შეკუმშეს 90 გიგაპასკალამდე, ანუ ჩვენს ატმოსფეროზე დაახლოებით 90 000-ჯერ მეტად.

ნიმუშში არსებულ ნაწილაკთა ზუსტი პოზიციების დასადგენად გამოიყენეს გამა-გამოსხივება, რისი წყალობითაც საკმარისი ტემპერატურის კალიბრაცია ისეთი სიზუსტუთ მოახდინეს, რათა სხვადასხვა ფაზებში მაგნიტური გადასვლა განესაზღვრათ.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პრესპექტივაში მინერალების მაგნიტური თვისებები გაქრა, ისინი მაინც ფიქსირდებოდა 926 გრადუს ცელსიუსს დაბლა.

ეს კი გამორიცხავს მანტიის დიდ ნაწილს, რადგან მისი ტემპერატურა 927-2727 გრადუსებს შორის მერყეობს. თუმცა, როგორც ჩანს, ზედაპირიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის სიღრმეში მაინც არის ჰემატიტების ჯიბეები, რომლებიც მაგნიტურად აქტიურია.

მინერალოგ კარმენ სანჩეს-ვალიეს განცხადებით, დგინდება, რომ დედამიწის მანტია მაგნიტურად არც ისეთი „მკვდარია“, როგორც აქამდე მიიჩნეოდა.

ეს აღმოჩენა შეიძლება დაგვეხმაროს გავიგოთ, რატომ მოძრაობს მაგნიტური ველის ძლიერი ზონები იმაზე სწრაფად, ვიდრე ამის ახსნა ჩვენს მოდელებს შეუძლია. ეს კი დიდ განახლებას შეიტანს მსოფლიო სანავიგაციო რუკაში.

წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის ჩაძირულ ფილებში არსებული ჰემატიტების გამო, მაგნიტურ მოძრაობათა გაზომვაში შესაძლოა, ცდომილებას ვუშვებთ.

გეოქიმიკოს ლეონიდ დუბროვინსკის განცხადებით, ახლა უკვე ვიცით, რომ დედამიწის მანტიის სიღრმეში არის მაგნიტურად მოწესრიგებული ნივთიერებები, რომლებიც მხედველობაში უნდა მივიღოთ დედამიწის მაგნიტური ველისა და პოლუსების მოძრაობის შესწავლისას.

შარშან, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია Swarm-მა, პლანეტის ოკეანეებიდან ამომავალ დაშლილ იონთა მორევებში დააფიქსირა მაგნეტიზმის სუსტი სიგნალები.

მისი ეფექტები შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ზედმეტად ძლიერ ვართ დამოკიდებული მაგნიტურ ველზე, რომელიც მზის რადიაციისგან გვიცავს. შესაბამისად, ამ „გალიის“ შესახებ ყველა დეტალის ცოდნა უმნიშვნელოვანესია.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uni-muenster.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.