ESA-მ დედამიწას გარშემორტყმული მეორე, უცნაური მაგნიტური ველი აღმოაჩინა
ESA-მ დედამიწას გარშემორტყმული მეორე, უცნაური მაგნიტური ველი აღმოაჩინა

ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველის შემსწავლელ თანამგზავრთა ტრიომ ერთი საინტერესო დეტალი გამოავლინა — ოკეანის მიქცევა-მოქცევის მიერ წარმოქმნილი მდგრადი მაგნიტური ველი.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისია Swarm-ის მიერ ოთხი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების წყლობით, შეიქმნა „სხვა“ მაგნიტური ველის რუკა, რაც უნდა დაგვეხმაროს გლობალური დათბობის შესახებ უკეთესი მოდელების შექმნაში.

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, ნილს ოლსენმა კვლევის შედეგად მიღებული გასაოცარი შედეგები ვენაში, ევროპის დედამიწის მეცნიერებათა კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინა და განმარტა, როგორ შეძლო მისმა ჯგუფმა ასეთი მკრთალი ხელწერის დეტალების გარკვევა.


„ეს მაგნიტური ველი მართლაც ძალიან მოკრძალებულია. თანამგზავრთა სიმაღლეზე, მისი სიმძლავრე 2-2,5 ნანოტესლას უდრის, რაც 20 000-ჯერ სუსტია დედამიწის გლობალურ მაგნიტურ ველზე“, — უთხრა ოლსენმა BBC-ს.

ფუნდამენტურ დონეზე, ორივე ველი წარმოადგენს სითხეში მჩქეფარე დამუხტული ნაწილაკების დინამოს ეფექტის შედეგს.

ძლიერ მაგნიტური ველს, რომელიც კომპასის ისრებსაც იზიდავს, წარმოქმნის დედამიწის ბირთვში გამუდმებით მოძრავი გამდნარი რკინა.

ეს ველი კვალს ასევე ტოვებს დედამიწის ქერქში ჩაჭედილ ნაწილაკთა განლაგებაზე, რაც Swarm-ის მისიამ ასევე დეტალურად შეისწავლა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ESA-მ წარმოადგინა ამ მაგნიტური ანაბეჭდის ამ დრომდე ყველაზე დეტალური რუკა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ:


თუმცა, შეკრებილი საზოგადოების განცვიფრება გამოიწვია „სხვა“ დინამოს შესახებ წარმოადგენილმა დეტალებმა.

ჩვენს ოკეანეებში დაშლილი იონები ასევე წარმოქმნის უკიდურესად სუსტ ველს მაშინ, როცა ისინი დინებებთან და მიქცევა-მოქცევებთან ერთად მოძრაობენ.

მაგრამ საკმაოდ ძნელია, მაგალითად, გოლფსტრიმის მოძრაობის მიერ წარმოქმნილი სუსტი მახასიათებლების გარჩევა უფრო ძლიერი ფონური მაგნიტური ველისგან.

მაგრამ მთვარის მიერ წარმოქმნილი მიქცევა-მოქცევის დინებები წარმოშობს სუფთა პულსს, რასაც ეს სიგნალები სააშკარაოზე გამოჰყავს.


2013 წელს გაშვებული მისია Swarm-ი შედგება სამი იდენტური თანამგზავრისგან, რომლებიც ამჟამად დედამიწის ზედაპირიდან 300-530 კმ სიმაღლის ორბიტაზე მოძრაობენ და აგროვებენ მონაცემებს ჩვენი პლანეტის მაგნიტური მახასიათებლების შესახებ.

„Swarm-ი გამოვიყენეთ ოკეანის მიქცევა-მოქცევათა მიერ წარმოქმნილ სიგნალთა გასაზომად, რამაც ნამდვილად გლობალური სურათი მოგვცა ოკეანის დინებათა სიღრმის ყველა დონის შესახებ, რაც რაღაც ახალია“, — ამბობს ოლსენი.

ოკეანის წყლების მოძრაობის შესწავლის მრავალნაირ მეთოდთა ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ უფრო გვესაჭიროება სიცხის ენერგიის გადაადგილების მოდელების შექმნა.


გამომდინარე იქიდან, რომ წყალს მნიშვნელოვანი ოდენობის სიცხის აკუმულირება შეუძლია, იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ნამატი სიცხის შთანთქმა შეუძლია ჩვენს ოკეანეს მაშინ როცა სულ უფრო იზრდება სათბური გაზების გამოყოფა — უნდა ვიცოდეთ, როგორ მოძრაობს დინებები და მიქცევა-მოქცევები სამ განზომილებაში.

თუ გვეცოდინება, სად მიდის სიღრმეში მთელი ეს თბილი წყალი, შეგვეძლება დაჩქარებული გლობალური დათბობის ციკლების ახსნა.

გარდა ამისა, მაგნეტიზმი-ოკეანის ურთიერთკავშირის ახალ რუკას კიდევ ერთი გამოყენება აქვს.

„იმის გამო, რომ ეს მოქცევითი მაგნიტური სიგნალი ასევე იწვევს სუსტ მაგნიტურ პასუხს ზღვის ფსკერიდან ღრმად, ამ კვლევის შედეგებს აქტიურად გამოვიყენებთ დედამიწის ლითოსფეროსა და მანტიის ზედა ნაწილის ელექტრულ მახასიათებელთა შესასწავლად“, — აღნიშნავს ოლსენი.

ამ დროისათვის, ქერქის ქვეშ მაგმის მოძრაობის შესწავლა ხდება გრავიტაციული და სეისმოლოგიური მეთოდების კომბინაციით.

ჩვენი პლანეტის მაგნეტიზმის შესახებ ჯერ მართლაც ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ყოველი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი