არის თუ არა დედამიწის მაგნიტური პოლუსები გადანაცვლების ზღვარზე — #1TVმეცნიერება
არის თუ არა დედამიწის მაგნიტური პოლუსები გადანაცვლების ზღვარზე — #1TVმეცნიერება

დედამიწის მაგნიტური ველი საშიში რადიაციისგან და მზის იმ გეომაგნიტური აქტივობისგან გვიცავს, რამაც შეიძლება თანამგზავრული კომუნიკაციები და ელექტროსისტემები დააზიანოს. ეს ველი მოძრაობს.

დედამიწის მაგნიტური პოლუსების მოძრაობას მეცნიერები საუკუნეებია აკვირდებიან. ამ პოლუსების ისტორიული მოძრაობა მიუთითებს დედამიწის მაგნიტური ველის გლობალური გეომეტრიის ცვლილებაზე.

ის ასევე შეიძლება მიუთითებდეს ველის შებრუნების დასაწყისზე — ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს შორის ადგილების გაცვლაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის ოდნავ მოძრაობა დიდს არაფერს ნიშნავს, პოლუსების გადანაცვლებას დიდი გავლენა ექნება დედამიწის კლიმატსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე. თუმცა, პოლუსებს შორის ადგილის გაცვლა უცბად არ მოხდება, ამას ათასობით წელიწადი სჭირდება.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ წარმოიქმნება პლანეტების მაგნიტური ველები.

მაგნიტურ ველებს ელექტრული მუხტების მოძრაობა წარმოქმნის. მასალას, რომელიც ელექტრულ მუხტებს ადვილად ატარებს, გამტარი ეწოდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ლითონები — ჩვენ მას ელექტროენერგიის ერთი ადგილიდან მეორეში გადაცემისთვის ვიყენებთ. თავად ელექტროენერგია წარმოადგენს უბრალოდ უარყოფით მუხტებს, სახელად ელექტრონებს, რომლებიც ლითონში მოძრაობენ. ეს დენი მაგნიტურ ველს წარმოქმნის.

გამტარი მასალის ფენები დედამიწის თხევად რკინის ბირთვშიც გვხვდება. ბირთვში მუხტების ნაკადები მოძრაობს; ბირთვში მოძრაობს და ცირკულირებს თხევადი რკინაც. ეს მოძრაობები მაგნიტურ ველს წარმოქმნის.

მაგნიტური ველი დედამიწის გარდა სხვა პლანეტებსაც აქვს; მაგალითად, იუპიტერის მსგავს გაზის გიგანტებს აქვთ გამტარი ლითონური წყალბადის ფენა, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის.

პლანეტების წიაღში ამ გამტარი ფენების მოძრაობები ორი ტიპის ველს წარმოქმნის. დიდი მოძრაობები, მაგალითად, ფართომასშტაბიანი ბრუნვები პლანეტასთან ერთად, წარმოქმნის სიმეტრიულ მაგნიტურ ველს თავის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებით, ისეთს, როგორიც სათამაშო მაგნიტს აქვს.

ადგილობრივი ტურბულენტობის ან მცირე ნაკადების გამო, ამ გამტარ ფენებს შეიძლება გარკვეული ადგილობრივი არარეგულარული მოძრაობები ჰქონდეს. ეს არარეგულარულობები გამოიხატება გარკვეულ პატარა ანომალიებში პლანეტის მაგნიტურ ველში ან იმ ადგილებში, სადაც ველი გადახრილია, აღარ წარმოადგენს სრულყოფილ დიპოლურ ველს.

მაგნიტურ ველში ამ მცირე გადახრებმა, დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ფართომასშტაბიან ველში და პოტენციურად, დიპოლური ველის პოლარულობის სრული გადანაცვლებაც კი — ამ დროს, ჩრდილოეთი სამხრეთი ხდება და პირიქით.

მაგნიტურ ველში აღნიშვნა „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“ აღნიშნავს მათ საპირისპირო პოლარულობას — ისინი გეოგრაფიულ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან დაკავშირებული არ არის.

ატმოსფეროს ყველაზე ზედა ნაწილში, იგივე იონოსფეროში, დედამიწის მაგნიტური ველი წარმოქმნის მაგნიტურ „ბუშტს“, რომელსაც მაგნიტოსფეროს უწოდებენ.

მაგნიტოსფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს დედამიწაზე სიცოცხლის დაცვაში. გვიცავს სახიფათო, მაღალენერგიული კოსმოსური რადიაციისგან, რომელიც ვარსკვლავთა აფეთქებისას წარმოიქმნება და მუდმივად მოძრაობს სამყაროში. მაგნიტოსფერო ურთიერთქმედებს მზის ქართანაც, რომელიც წარმოადგენს მზიდან წამოსულ მაგნეტიზებულ აირს.

მაგნიტოსფეროსა და იონოსფეროს ურთიერთქმედება მაგნეტიზებულ მზის ქართან, წარმოქმნის ე. წ. კოსმოსურ ამინდს. როგორც წესი, მზის ქარები მსუბუქია და კოსმოსურ ამინდზე დიდად არ ზემოქმედებს.

თუმცა, არის პერიოდები, როცა მზე კოსმოსში მოზრდილ მაგნეტიზებულ ღრუბლებსა და გაზებს ისვრის; ამ მოვლენას კორონული მასის ამოფრქვევას ეძახიან. თუკი კორონული მასის ამოფრქვევა დედამიწისკენ არის მომართული, მაგნიტოსფეროსთან მისი ურთიერთქმედება წარმოქმნის გეომაგნიტურ შტორმს. ამ დროს ჩნდება პოლარული ციალები — მაშინ, როდესაც დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადი ატმოსფეროში შემოდის და ანათებს.

კოსმოსური ამინდის მოვლენებისას, დედამიწის სიახლოვეს უფრო მეტად საშიში რადიაციაა. ამ რადიაციას შეუძლია თანამგზავრებისა და ასტრონავტების დაზიანება. კოსმოსურმა ამინდმა ასევე შეიძლება დააზიანოს დიდი გამტარი სისტემები, მაგალითად, დიდი მილსადენები და ელექტროგადამცემი სისტემები, რადგან ამ სისტემებში შეიძლება გაატაროს ჭარბი დენი.

კოსმოსური ამინდის მოვლენებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თანამგზავრულ კომუნიკაციებსა და GPS-ის მუშაობას, რაზეც მრავალი ადამიანია დამოკიდებული.

დედამიწის მაგნიტური პოლუსები

დედამიწის მაგნიტური ველის ზოგად ფორმას და ორიენტაციას მეცნიერები მაგნიტური ველის ორიენტაციისა და მაგნიტუდის ადგილობრივად გაზომვებით ადევნებენ თვალს. ბოლო პერიოდში, ამისათვის იყენებენ მოდელებსაც.

ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი პირველად 1831 წელს გაზომეს და მას შემდეგ, ის დაახლოებით 965 კილომეტრით გადაადგილდა. ბოლო წლებში, გადაადგილების სიჩქარე 16 კილომეტრიდან 54 კმ-მდე გაიზარდა. ეს აჩქარება შეიძლება ველების გადანაცვლების დასაწყისზე მიუთითებდეს, მაგრამ ამის თქმა მეცნიერებს გადაჭრით არ შეუძლიათ, რადგან ხელთ აქვთ მონაცემები, რომლებიც 200 წელიწადსაც არ აღემატება.

დედამიწის მაგნიტური ველის გადანაცვლება 100 000 – 1 000 000 წელიწადში ერთხელ ხდება. გადანაცვლების სიხშირე მეცნიერებმა ოკეანეში ვულკანური ქანების შესწავლით დაადგინეს.

წარმოქმნისას, ეს ქანები „იწერს“ დედამიწის მაგნიტური ველის მიმართულებას და სიმძლავრეს; შესაბამისად, ამ ქანების დათარიღება დროთა განმავლობაში დედამიწის მაგნიტური ევოლუციის კარგ სურათს გვთავაზობს.

ველების გადანაცვლება გეოლოგიური თვალსაზრისით სწრაფად ხდება, მაგრამ ადამიანის გადმოსახედიდან საკმაოდ ნელა. როგორც წესი, გადანაცვლებას რამდენიმე ათასი წელიწადი სჭირდება, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, შეიძლება შეიცვალოს მაგნიტოსფეროს ორიენტაცია და დედამიწაზე უფრო მეტი კოსმოსური რადიაცია მოხვდეს. ამ მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს ატმოსფეროში ოზონის კონცენტრაციაც.

მეცნიერები დაზუსტებით ვერ ამბობენ, როდის მოხდება მაგნიტური პოლუსების შემდეგი გადანაცვლება, მაგრამ შეგვიძლია, აქტიურად გავაგრძელოთ ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის მოძრაობის მეთვალყურეობა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.