ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ რუსეთთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა და მარსის ერთობლივი მისია გადადო — #1tvმეცნიერება
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ რუსეთთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა და მარსის ერთობლივი მისია გადადო — #1tvმეცნიერება

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ერთხმად დაუჭირა მხარი მარსზე რუსეთთან ერთობლივი მისიის შეჩერებას. მისიის გაშვება წელს იგეგმებოდა, მაგრამ ახლა ის განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

17 მარტს, ESA-ს საბჭომ განაცხადა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიმდინარე ტრაგედიის გამო, სააგენტოს აღარ შეუძლია გააგრძელოს მიმდინარე თანამშრომლობა „როსკოსმოსთან“, რომლის ფარგლებშიც, 2022 წელს მისია ExoMars-ის მავალი უნდა გაგზავნილიყო.

„როგორც მთავრობათშორისი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მანდატი, განავითაროს და განახორციელოს კოსმოსური პროგრამები ევროპულ ღირებულებათა დაცვით, ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის ადამიანური მსხვერპლისა და ტრაგიკული შედეგების გამო. ვაღიარებთ რა კოსმოსის სამეცნიერო კვლევებზე გავლენას, ევროპის კოსმოსური სააგენტო სრულად უერთდება წევრ სახელმწიფოთა მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს“, — წერს ESA განცხადებაში.

რუსეთმა შექმნა როგორც ზედაპირის პლატფორმა, ისე პროტონული რაკეტა — ერთჯერადი გამშვები სისტემა, რომლითაც დაგეგმილი იყო ExoMars-ის ტვირთების მარსამდე გადაზიდვა. გარდა ამისა, თავად მავალი შეიცავს რუსულ ინსტრუმენტებს და რუსეთის მიერ მიწოდებულ რადიოიზოტოპურ გათბობის მოწყობილობებს.

ნიშნავს თუ არა ეს ExoMars-ის მისიის ჩაშლას? სულაც არა, რადგან ევროპელები ალტერნატიულ პარტნიორებს ეძებენ.

ESA-ს გენერალური დირექტორის, იოზეფ აშბახერის განცხადებით, ერთი ვარიანტია NASA. დაახლოებით ათი წლის წინ, ESA ამ მისიაზე მუშაობას NASA-სთან ერთად გეგმავდა, მაგრამ შემდეგ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ამ პროგრამიდან გავიდა.

ამას გარდა, სააგენტოს საბჭომ განაცხადა, რომ აშბახერმა ინდუსტრიული მოკვლევა უნდა დაიწყოს ExoMars-ის გაშვების ალტერნატიულიგზების მოსაძებნად, რათა ევროპული მავალი, სახელად „როზალინდ ფრანკლინი“ წითელ პლანეტაზე მოხვდეს.

„არჩევანი არის მხოლოდ თავად ევროპა ან ევროპა სხვა პარტნიორებთან ერთად“, — ამბობს აშბახერი.

ExoMars-ის მიზანია პასუხი გასცეს კითხვას, იყო თუ არა მარსზე ოდესმე სიცოცხლე. გაშვება 2022 წლის 20 სექტემბრიდან, 12-დღიან მონაკვეთში, ბაიკონურის კოსმოდრომიდან იგეგმებოდა. მავალი მარსზე 2023 წლის 10 ივნისს უნდა დამჯდარიყო.

მავალს მარსის ზედაპირი 2 მეტრის სიღრმემდე უნდა გაებურღა, ნიმუშები აეღო და შემდეგ ბორტზე არსებულ ლაბორატორიაში მოეხდინა ანალიზი.

იმის გამო, რომ მარსს რადიაციისგან და ოქსიდაციისგან ატმოსფერო თითქმის ვერ იცავს, ორგანულ ნიმუშთა ძებნა მიწისქვეშა ნიმუშებშია ყველაზე მიმზიდველი. მავალ როზალინდ ფრანკლინს ექვსი ბორბალი აქვს და თითოეულის მართვა დამოუკიდებლად არის შესაძლებელი.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.