დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი რუსეთისკენ მიემართება
დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი რუსეთისკენ მიემართება

დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი იქ აღარ არის, სადაც უნდა იყოს.

ადგილი, რომლისკენაც ყველა კომპასის ისარი მიემართება, 2015 წლიდან ციმბირისკენ გადაადგილდება, წელიწადში 48 კმ სიჩქარით.

რამდენიმე დღის წინ მეცნიერებმა მსოფლიოს მაგნიტური მოდელი განაახლეს, რომელსაც ორიენტაციისთვის იყენებს მობილური ტელეფონების GPS სისტემები და სამხედრო ნავიგატორები.

უმეტესი ჩვენგანისთვის ეს ცვლილება უმნიშვნელოა, მაგრამ შესამჩნევია მათთვის, ვინც ძალიან ზუსტ ნავიგაციას ცდილობს არქტიკასთან ძალიან ახლოს.

ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის შეუჩერებელი სვლა დედამიწის სიღრმეში მიმდინარე რაღაც უცნაურზე და ძალიან მძლავრზე მიუთითებს. ლიდსის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსის, ფილ ლივერმორის განცხადებით, ამის გარკვევა მხოლოდ აქტიური დაკვირვებებით შეიძლება.

პლანეტის მაგნიტური ველი წარმოიქმნება ზედაპირიდან 3200 კმ სიღრმეში, გამდნარი მეტალის მჩქეფარე, მბრუნავ ბურთში, რომელიც დედამიწის ბირთვს წარმოქმნის.

ამ მიწისქვეშა დინების ცვლილებას შეუძლია შეცვალოს დედამიწის მაგნიტური ველის ხაზები და მათ მიერ ერთ წერტილში შეერთებული პოლუსებიც.

ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი ჩრდილოეთ გეოგრაფიულ პოლუსს არ ემთხვევა და ის მუდმივად მოძრაობს. როგორც უძველესი ქანების ანალიზი უჩვენებს, მაგნიტურ პოლუსებს ერთმანეთისთვის ადგილების გაცვლაც შეუძლიათ. ეს მოვლენა ყოველ მილიონ წელიწადში დაახლოებით სამჯერ ხდება.

ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი პირველად 1831 წლის ექსპედიციისას, კანადის არქტიკაში იპოვეს. 1940-იან წლებში აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დააფიქსირა, რომ პოლუსს ადგილი ჰქონდა შეცვლილი და 400 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით იყო გადანაცვლებული.

1990 წლის შემდეგ ის კიდევ 970 კილომეტრით გადაადგილდა და ამჟამად მდებარეობს არქტიკის ოკეანის შუაგულში, გეოგრაფიული ჩრდილოეთ პოლუსიდან 4 გრადუსით სამხრეთით.

უცნაურია, მაგრამ სამხრეთ მაგნიტური პოლუსი ჩრდილოელი თანამოძმის მსგავსად არ მოგზაურობს. 1990 წლის შემდეგ, მისი ადგილმდებარეობა შედარებით სტაბილურია და განთავსებულია აღმოსავლეთ ანტარქტიდის სანაპიროსთან.

როგორც ლივერმორის კვლევა გვთავაზობს, ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის ადგილმდებარეობას აკონტროლებს კანადისა და ციმბირის ქვეშ მდებარე მაგნიტური ველის ორი წილი. 2017 წელს ის იუწყებოდა, რომ კანადური წილი სუსტდება, რაც განპირობებულია დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის არარეგულარული მოძრაობით.

მისი ვარაუდით, არქტიკის სიღრმეში მიმდინარე მღელვარების მიზეზი უნდა იყოს მაგნიტური ველის ხაზების მოძრაობა მის თავს ზემოთ.

ახალი მსოფლიო მაგნიტური მოდელის შექმნაზე უკვე შეთანხმდნენ აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია და ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახური. ეს გახლავთ ველის მათემატიკური გამოსახულება, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ახლდება. შემდეგი განახლება 2020 წლამდე არ იგეგმებოდა.

თუმცა, დედამიწას სხვა გეგმები აქვს. არქტიკაში რყევები პროგნოზირებულზე უფრო ადრე ხდება.

მკვლევარ უილიამ ბრაუნის განცხადებით, 2019 წლის ზაფხულისთვის, შეუსაბამობა მსოფლიო მაგნიტურ მოდელსა და ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის რეალურ მდებარეობას შორის თითქმის გადააბიჯებს ზუსტი ნავიგაციისათვის საჭირო ზღვარს.

ის და მისი ამერიკელი კოლეგები ახალ მოდელზე უკვე მუშაობდნენ, რომელიც გამოშვებისთვის თითქმის უკვე მზად იყო, როცა აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ ე. წ. შათდაუნის გამო დაფინანსება შეწყვიტა.

ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, დედამიწამ მაგნიტურ პოლუსთა გადანაცვლება დააგვიანა კიდეც. ეს მოვლენა უკვე 780 000 წელია არ მომხდარა და ჩრდილოეთ პოლუსის ბოლოდროინდელი მოუსვენრობა შესაძლოა, სწორედ ამ კატაკლიზმის მოახლოების ნიშანი იყოს. თუმცა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ლივერმორი.

მაგნიტურ ველთა გადანაცვლების მოვლენა როგორც წესი, დაახლოებით 1000 წელს გრძელდება.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.