კაშხლებში უკვე იმდენი წყალია მოქცეული, რომ განაპირობებს დედამიწის მაგნიტური პოლუსების ცვლილებას — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
დედამიწის მაგნიტური ველის ბოლოდროინდელ ცვლილებებს ადამიანის კვალი ყველგან აღენიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პლანეტის მაგნიტური პოლუსებისთვის სპორადულად „ხეტიალი“ ნორმალურია, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ კაშხლების კედლებს მიღმა კაცობრიობამ უკვე საკმარისი წყალი დააგროვა, რათა მაგნიტური პოლუსების ამჟამინდელ მოძრაობათა რაღაც ნაწილის მიზეზი გახდეს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსმა ნატაშა ვალენჩიჩმა და მისმა კოლეგებმა გამოთვალეს, რომ დედამიწის 7000 უდიდეს კაშხალში კონცენტრირებულმა მასამ ქერქის ბრუნვის ღერძი დაახლოებით ერთი მეტრით გადაწიეს ქერქის ქვეშ მაგნიტური ველების მამოძრავებელ დინამოსთან მიმართებაში.
ამას გარდა, მთელმა ამ წყალმა განაპირობა ზღვის დონის 21 მილიმეტრით დაწევა.
„როდესაც დამბებს მიღმა წყალს ვაგუბებთ, ხდება არა მხოლოდ წყლის ამოღება ოკეანეებიდან, რაც გლობალური ზღვის დონის ვარდნას განაპირობებს, არამედ პლანეტის გარშემო მასების სხვადასხვაგვარად გადანაწილებაც“, — ამბობს ვალენჩიჩი.
მასების ასე გადანაწილებას გავლენა შეიძლება ჰქონდეს ზედაპირთან მიმართებაში დედამიწის მაგნიტური პოლუსების ადგილმდებარეობაზე.
მბრუნავ სფეროზე ზედმეტი წონის დამატება უფრო მძიმე ნაწილებს ეკვატორისკენ ქაჩავს, რაც განაპირობებს ბრუნვის ღერძის გადაადგილებას. შესაბამისად, დედამიწის ზედაპირის წონის გადანაწილება მისი ბრუნვის ღერძის ორიენტაციას ცვლის — იქნება ეს კაშხლის წყალი, გამდნარი მყინვარები თუ მიწისქვეშა წყლების ამოღება.

თუმცა, მხოლოდ დედამიწის გარე ქერქი ტივტივებს მის წებოვანი შიდა ნაწილების თავზე და არა შიდა ნაწილი — ეს უკანასკნელი მოძრაობს და განაპირობებს იმას, რომ დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა ნაწილი ექცევა ჩვენი პლანეტის შიდა მაგნიტური ჩრდილოეთის თავზე. ამ ფენომენს ნამდვილ პოლარულ ხეტიალს უწოდებენ.

ვალენჩიჩმა და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი ორ ფაზად გადაადგილდა. 1835 წლიდან 1954 წლამდე ის აღმოსავლეთით, რუსეთის მიმართულებით დაახლოებით 20 სანტიმეტრით გადაადგილდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში კაშხლების აშენებასთან ერთად. შემდეგ, 1954 წლიდან 2011 წლამდე ის დასავლეთით, ჩრდილოეთ ამერიკისკენ გადაადგილდა 57 სანტიმეტრით, აზიასა და აფრიკაში კაშხლების აშენების შემდეგ.
„გამყინვარების ახალი ხანა ნამდვილად არ გვემუქრება, რადგან პოლუსი ჯამში მხოლოდ დაახლოებით ერთი მეტრით გადაადგილდა, მაგრამ გავლენა ნამდვილად აქვს ზღვის დონეზე“, — განმარტავს ვალენჩიჩი.
მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ კაშხლების აგებით, ამ საუკუნეში ზღვის დონის მატება წელიწადში დაახლოებით 1,2 მილიმეტრით შევამცირეთ. გარკვეულწილად ეს შეიძლება კარგიც იყოს, ვინაიდან ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილება ზღვის დონის მატებას განაპირობებს.
მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ მიღებული შედეგების გათვალისწინება უნდა მოხდეს ზღვის დონის სამომავლო მატების შეფასებებში.
მაგნიტური პოლუსების ცვლილება კიდევ ერთია იმ პლანეტური მასშტაბის ფენომენთა სიაში, რომლებსაც ადამიანები განაპირობებენ — ატმოსფერული შრეების დაპატარავება, ოკეანის ცირკულაციის შეცვლა, ვულკანების გააქტიურება.
კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.agu.org-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.