ჩრდილოეთ მაგნიტურმა პოლუსმა ადგილმდებარეობა ოფიციალურად შეიცვალა — #1tvმეცნიერება
დროა, სანავიგაციო სისტემები ხელახლა დაკალიბრდეს გემებზე, თვითმფრინავებსა თუ სხვა მოწყობილობებზე — ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის ადგილმდებარეობა ოფიციალურად უკვე შეიცვალა და კვლავ განაგრძობს გადაადგილებას კანადიდან ციმბირის მიმართულებით.
აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) და ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის (BGS) ექსპერტებმა ძალები გააერთიანეს — როგორც ისინი ამას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ აკეთებენ, რათა შექმნან ახალი, უფრო ზუსტი მსოფლიო მაგნიტური მოდელი (WMM).
მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული ჩრდილოეთ პოლუსი ადგილზეა ფიქსირებული (დედამიწის ბრუნვის ღერძის მწვერვალზე), მსოფლიო მაგნიტური მოდელი აღნიშნავს მაგნიტურ ჩრდილოეთ პოლუსს — ადგილს, საიდანაც დედამიწის მაგნიტური ველი პირდაპირ ქვემოთ მიემართება, იდეალურად ვერტიკალური მაგნიტური ველის სახით.
ჩვენი პლანეტის წიაღში არსებული რკინა და ნიკელი მოძრაობს და ამის გამო, მოძრაობს დედამიწის მაგნიტური ველიც, რაც იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით მოძრაობს ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსებიც. თუკი კომპასს ან GPS სისტემებს იყენებთ, მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეთ ამ წერტილების ადგილმდებარეობა.
„ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის ამჟამინდელი ქცევა რაღაც იმგვარია, როგორსაც ჯერ არასოდეს დავკვირვებივართ. მაგნიტური ჩრდილოეთი კანადის გარშემო ნელა მოძრაობს ჯერ კიდევ 1500-იანი წლებიდან, მაგრამ გასული 20 წლის განმავლობაში, მოძრაობა ყოველწლიურად ჩქარდებოდა და დაახლოებით ხუთი წლის წინ, სიჩქარე უცბად შემცირდა — წელიწადში 59 კილომეტრიდან 35 კმ-მდე, რაც უდიდესი შემცირებაა ჩვენ მიერ აღრიცხულთა შორის“, — ამბობს ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის მკვლევარი უილიამ ბრაუნი.
კვლევები მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის გადაადგილებას განაპირობებს ორი გიგანტური მაგნიტური შვერილი — ერთი კანადის და მეორე ციმბირის ქვეშ. ზოგჯერ გადაადგილება იმდენად დრამატულია, რომ ტრადიციული 5-წლიანი ციკლის გარდა, საჭირო ხდება გადაუდებელი განახლებაც.
ამჟამად უკვე არსებობს მაგნიტური ჩრდილოეთის უფრო ზუსტი რუკა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება კარგი. პირველად ისტორიაში, ხელმისაწვდომია მაღალი რეზოლუციის რუკაც, რომელიც 10-ჯერ უფრო დეტალურია — ეკვატორთან აქვს დაახლოებით 300 კმ სივრცული რეზოლუცია მაშინ, როცა სტანდარტულს 3300 კმ აქვს.
ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის ჯგუფის თანახმად, თუკი სამხრეთ აფრიკიდან ბრიტანეთისკენ 8500 კილომეტრს გაივლით სწორ ხაზზე, დასასრულს კურსიდან 150 კილომეტრით აღმოჩნდებით გადახვეული, თუკი ნავიგაციისთვის ძველ მსოფლიო მაგნიტური მოდელს გამოიყენებთ და არა ახალს.
სწორედ ამხელა შეიძლება იყოს სხვაობა და ამიტომ, რუკებისა და ლოჯისტიკის კომპანიებმა მთავრობებთან და ოფიციალურ სააგენტოებთან ერთად უნდა განახორციელონ განახლებები.
თუმცა, ჩვენს ტელეფონებში რაიმე განახლების ჩაწერა საჭირო არ არის, ეს ავტომატურად მოხდება.
ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი 1831 წელს ჩრდილოეთ კანადაში აღმოაჩინა სერ ჯეიმს კლარკ როსმა.
მას შემდეგ, მეცნიერებმა მისი უფრო ზუსტად შესწავლა და მიყოლა შეძლეს, რისთვისაც გამოიყენება როგორც მიწისპირა გაზომვები, ისე თანამგზავრული მონაცემები.
მომზადებულია bgs.ac.uk-ის მიხედვით.