პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სასჯელაღსრულების სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან
უახლოეს მომავალში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და შეწყალების კომისიის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს შეხვდნენ.
„მთავარი სულისკვეთება არის, რის შესახებაც საუბრობდა პრეზიდენტი მის ბრიფინგზე, რომ მნიშვნელოვანია პროცესი გაუმჯობესდეს. ფაქტია, იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრს, კახა კახიშვილს ჰქონდა საინტერესო ხედვა შეწყალების პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
„მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებაზე. შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე, რომელიც პროცესს გააუმჯობესებს. აქ იქნება მთელი რიგი მექანიზმები გაწერილი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, მისაღებია მინისტრის ინიციატივა, კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი.
„ეს სამუშაო პროცესი, საბოლოო ჯამში, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას, რომელიც მოახდენს პრევენციას იმ სამწუხარო ფაქტების, რომელიც შესაძლოა იყოს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს გასაუბრებები მსჯავრდებულთან, მინისტრს ჰქონდა ეს პოზიცია“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად პროცესის გაუმჯობესება მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. შეხვედრაზე მსჯავრდებულთა შეწყალების მექანიზმთან და შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეწყალების მექანიზმის დახვეწისა და კომისიის მუშაობაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ თბილისში ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი და მას პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელი გაუნახევრდა. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ, ე.წ უდოს კომისიამ ბაქრაძეს გათავისუფლებაზე უარი ექვსჯერ უთხრა.