გიორგი აბაშიშვილი - პირველი და კარგი პრეცედენტია, რომ ქართველი ეკონომისტები, მაღალი რანგის უცხოელ ეკონომისტებთან ერთად ვმსჯელობთ კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდზე
გიორგი აბაშიშვილი - პირველი და კარგი პრეცედენტია, რომ ქართველი ეკონომისტები, მაღალი რანგის უცხოელ ეკონომისტებთან ერთად ვმსჯელობთ კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდზე

პირველი და ძალიან კარგი პრეცედენტია, როცა ქართველი ეკონომისტები, მაღალი რანგის უცხოელ ეკონომისტებთან ერთად ვჯერდებით და ვმსჯელობთ საერთო შეხედულებებზე, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგებს მოიტანს, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნულმა კონსულტანტმა, ეკონომისტმა გიორგი აბაშიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია გამართეს.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რა უნდა გაკეთდეს კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდში, ამაში მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. სხვადასხვა შეხედულების უამრავი ეკონომისტი ჯამში ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა, განსაკუთრებით კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდში, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ვფიქრობ, ძალიან სწორი აქცენტები იყო დასმული. ცხადია, ეს იყო პრეზენტაციის პირველადი ვერსია. ვფიქრობ, პირველი და ძალიან კარგი პრეცედენტია, როცა ქართველი ეკონომისტები,  მაღალი რანგის უცხოელი ეკონომისტებთან ერთად ვჯერდებით და ვმსჯელობთ საერთო შეხედულებებზე, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და  ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება.

დატოვე კომენტარი