გიორგი აბაშიშვილი - მთავრობასა და კერძო სექტორს შორის განსაკუთრებული გახსნილობაა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხილვის თვალსაზრისით
გიორგი აბაშიშვილი - მთავრობასა და კერძო სექტორს შორის განსაკუთრებული გახსნილობაა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხილვის თვალსაზრისით

განსაკუთრებული გახსნილობაა კოვიდის აღდგენის პერიოდში საქართველოში განსახორციელებელი ეკონომიკური რეფორმების განხილვის მიმართულებით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან მიმართებით , – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნულმა კონსულტანტმა, ეკონომისტმა გიორგი აბაშიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ექსპერტებთან ერთად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე იმსჯელეს. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩართულობა არის ფართო და იგრძნობა ღიაობა.

„დღევანდელი თემა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან საუბარი შეეხო სწორედ საქართველოს ახალ შესაძლებლობებს. ფაქტია, რომ კოვიდმა ახალი შესაძლებლობების გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ის, თუ ახლა როგორც მოხდება სხვადასხვა ტიპის ინვესტორების გადანაწილება სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო აქედან რას და როგორ მიიღებს. ამ მიმართულებით პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ მხოლოდ სტანდარტული მეთოდებით კი არ ვიმოძრაოთ და ვიმუშაოთ, როგორც ეს ხდებოდა, არამედ გარკვეული ტიპის სიახლეები შევთავაზოთ და საკმაოდ საინტერესო სიახლეებია, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც ქვეყანას გაცილებით უფრო მეტ კონკურენტულ უპირატესობას შესძენს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ფაქტია და შეიძლება ითქვას, რომ ინვესტიციებზე ნადირობა დაწყებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ და აქ ცხადია, რომ ჩვენ, ჩვენი როლი უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.