გიორგი აბაშიშვილი - ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის საყოველთაო დახმარება ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ პოზიტიურადაა შეფასებული
გიორგი აბაშიშვილი - ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის საყოველთაო დახმარება ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ პოზიტიურადაა შეფასებული

კვლევის შედეგებს რა ნაწილშიც გავეცანი, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის საყოველთაო დახმარება შეფასებულია პოზიტიურად, – ასე ეხმაურება საქართველოში გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი, ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევის შედეგებს.

მისივე თქმით, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ასეთი სახის შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც აბაშიშვილმა განაცხადა, დასახელებული კვლევის შედეგები მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის სამომავლოდ შეფასების საშუალებას იძლევა.

„ერთი რამ ცალსახაა, მიუხედავად ჩვენი ეკონომიკური ტიპის შეხედულებებისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არატიპურ ეკონომიკურ კრიზისთან გვქონდა საქმე. შესაბამისად, გადაწყვეტილებები შესაძლოა, არატიპური იყოს და კარგია, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციები, მათ შორის „იუნისეფი“ (UNICEF), ამ ნაწილს პოზიტიურად აფასებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ტიპის კვლევას შემდეგში ჩაღრმავება სჭირდება. საწყის ატაპზე ასეთი სახის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველაზე მეტი ყურადღება, მათ შორის ჩვენი მხრიდან, გამახვილებულია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე. მაქსიმალურად ვაკვირდებით, როგორი შეიძლება იყოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და ამ კვლევის შედეგებიც მოგვცემს შემდგომი შეფასების საშუალებას“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა.

ანგარიში მთავრობამ და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ერთობლივად წარადგინეს. კვლევის წარდგენისას აღინიშნა, რომ ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას.