გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევა - ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას
გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევა - ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა.

ანგარიში მთავრობამ და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ერთობლივად წარადგინეს. კვლევის წარდგენისას აღინიშნა, რომ ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას.

ანგარიშში წარდგენილი სიმულაციური მოდელის შედეგების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება.

საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელი. ანგარიშში წარდგენილია საქართველოში მოსახლეობისა და კონკრეტულად, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის ზეგავლენის (შრომის ბაზარზე ზემოქმედების შედეგად) წინასწარი გაანგარიშება.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, მოსალოდნელია მოსახლეობის სიღარიბის დონის (166 ლარი თვეში ზრდასრულ პირზე) გაზრდა 21.7-დან 24 პროცენტამდე დაბალი შოკის შემთხვევაში, 26 პროცენტამდე – საშუალო შოკის შემთხვევაში, ხოლო 30.9 პროცენტამდე – ძლიერი შოკის შემთხვევაში; მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე საბაზისო 27.6 პროცენტიდან დაბალი შოკის შემთხვევაში გაიზრდება 30.8 პროცენტამდე, საშუალო შოკის შემთხვევაში – 32.7 პროცენტამდე, ხოლო 37.8 პროცენტამდე- ძლიერი შოკის შემთხვევაში; შოკის შედეგად, სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად, ხოლო უთანასწორობა ურბანულ დასახლებებს მეტად შეეხება; მოხმარება ყველაზე მეტად შემცირდება კორონავირუსის პანდემიის წინაშე ყველაზე დაუცველ შინამეურნეობებში, რომლებსაც ისედაც მწირი დანახარჯები აქვთ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ოდენობის ფულადი დახმარების სცენარების 24 ჰიპოთეტური მოდელის გამოყენებით სიღარიბის მაჩვენებლების ხელახლა გაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ უფრო სავარაუდოა სიღარიბის ხარჯთეფექტურად შემცირება მოსახლეობის იმ უღარიბეს 40%-ზე მიმართული პოლიტიკისა და დახმარების პირობებში, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის სისტემით გათვალისწინებულ პროგრამებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღნიშნული კატეგორიის იდენტიფიცირება მოითხოვს ხანგრძლივვადიან და მასშტაბურ ღონისძიებებს; 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად, შოკის დონის მიუხედავად. ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დახმარების შედეგად ბავშვთა სიღარიბის საბაზისო მაჩვენებელზე დაბრუნება, ხოლო მსუბუქი და საშუალო შოკის სცენარებში სიღარიბის საბაზისო მაჩვენებლებზე მეტად სიღარიბის დონის შემცირებას;ასეთი შედეგი სხვა მოდელების შემთხვევაში არ გამოვლენილა; ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი,რეგულარულ ხელფასზე მომუშავე  პირებისათვის. მაგალითად, ძლიერი შოკის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ფულადი დახმარების შედეგად შესაძლებელია სიღარიბის შემცირება მოსალოდნელი 30.7-დან დან 28.4 პროცენტამდე.

„კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვებზე, რომლის დამანგრეველი მოქმედება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება“, განაცხადა ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა სოციალური დაცვის ღონისძიებებით. უაღრესად მნიშვნელოვანიასოციალური უსაფრთხოების ძლიერი ქსელების არსებობა, რათა ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად არ აღმოჩნდნენ სიღარიბეში“, – განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

კვლევის შედეგად ასევე შესწავლილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავისურის პანდემიასთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელებული ფულადი დახმარების პროგრამების შესაძლო ეფექტი. ეს მოიცავდა ჯამში 12 სიმულაციას, მათ შორის, გაანალიზდა ყველა ბავშვისათვის ფულადი დახმარებისა და უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ყოველთვიური ფულადი დახმარების სცენარები.

„საგულისხმოა, რომ მოდელების ეფექტი ცალ-ცალკეა პროგნოზირებული და არ გვიჩვენებს მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებული ყველა ზომის ერთობლივ ეფექტს“, – აცხადებენ გაერო-ს ბავშვთა ფონდში.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მაქსიმალურად შემსუბუქება იმისთვის, რომ არ მოხდეს ბოლო წლებში სიღარიბის შემცირების ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკის გაუარესება მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შევუმსუბუქოთ მათ ეს დროებითი გასაჭირი.

ცალსახაა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები არის ყველაზე ეფექტიანი სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით იმ 24 ღონისძიებას შორის, რომელიც სიმულაციურ მოდელში არის წარმოდგენილი. ამას ადასტურებს თავად მოდელის შედეგებიც“, – განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალია აცხადებს, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემები სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა.

„ჩვენი სამინისტროსათვის გაერო-ს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვანი და ფასეული პარტნიორია. ბავშვებისათვის სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკის დაგეგმვისას ჩვენთვის გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემები ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა“, – აღნიშნა თამარა ბარკალაიამ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გარდა, კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვან სოციო-ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს შინამეურნეობებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი გაანგარიშების თანახმად, პანდემიის შედეგად მოსალონ დელიამსოფლიო მასშტაბით 195 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვა. გაეროს გამოთვლებით, ეკონომიკური აქტივობების შემცირების გამო, შესაძლოა დაახლოებით 42-66 მილიონი ბავშვი აღმოჩნდეს სიღარიბეში.​ კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა ზოგიერთი სფერო სხვაზე მეტად მოწყვლადი აღმოჩნდეს. ამ თვალსაზრისით, კვლევაში თითოეული დასაქმებული პირისათვის მინიჭებულია სამუშაოს მოწყვლადობის დონე, სამი ჯგუფის მოწყვლადობის დაბალი, საშუალო და მაღალი დონის მიხედვით. შემდეგ, კეთდება ვარაუდი, რომ შინამეურნეობები დაკარგავენ შემოსავლის წილს, შესაბამისი ოჯახის კორონავირუსისადმი მოწყვლადობის გათვალისწინებით. ასევე დაშვებული იქნა შოკის სამი დონე: დაბალი, საშუალო და ძლიერი. შინამეურნეობებზე უარყოფითი შოკის გათვალისწინებისა და სიღარიბის დონეების გამოთვლის შემდეგ, მიკრო სიმულაციაში ემატება ფულადი დახმარების რამდენიმე მოდელი, შემდეგ კი ფასდება სიღარიბის დონის ცვლილებებითითოეული სცენარის შემთხვევაში. ანგარიშში სულ განხილულია 24 ჰიპოთეტური ფულადი დახმარების (მაღალი და დაბალი ოდენობის) სცენარი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისათვის.​ მიკროსიმულაციაში მონაცემების ძირითად წყაროდ გამოყენებულია საქართველოში 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა. ამ კვლევის შერჩევა მოიცავს 4 697 შინამეურნეობას, რომელიც რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.

კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს განახორციელონ შემდგომი ცვლილებები ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფისა და ანტიკრიზისული სტრატეგიების გასაძლიერებლად.