მიხეილ სარჯველაძე - დასაქმების პროგრამა სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, ჩვენი ფუნქციაა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება
დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე სოციალური შემწეობის მიმღებთა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.
„ოპონენტების არგუმენტს ყავლი გაუვიდა, ფასიც დაკარგა, დაძველდა, არაფერში აღარ წერია ეს. უბრალოდ მივიდნენ და დაელაპარაკონ იმ ადამიანებს, ვინც სარგებლობს დასაქმების პროგრამებით. მაგალითად, სოციალურად დაუცველების დასაქმების მიზანი და დანიშნულება გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ ღია შრომის ბაზარზე გასვლა. ეს მათთვის უნარ-ჩვევების განვითარების რეალური შესაძლებლობაა. ათასობით ადამიანია, რომლებმაც ჩვენი პროგრამების მეშვეობით შეძლეს და ღია შრომის ბაზარზე დასაქმდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სხვადასხვა პროგრამისა და დასაქმების ფორუმების მეშვეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და მათი უნარების განვითარების მხარდაჭერაში.
„ამ პროგრამების მეშვეობით შესაძლებელი ხდება, რაც შეიძლება მეტად გაეხსნათ ამ ადამიანებს ასპარეზის შესაძლებლობა. მოქალაქეს, რომელიც სოციალური სიდუხჭირის გამო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს დასაქმებას, სჭირდება შემწეობა, მხარში დგომა და უნარების განვითარებაში მხარდაჭერა. სხვას თავი რომ დავანებოთ, არის არაჩვეულებრივი პროგრამები, რომლებიც აქვს განათლების სამინისტროს, მაგალითად, პროფესიული განათლების მიმართულებით. აღნიშნული რესურსითაც ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც დღეს სამსახურს ვერ პოულობენ, რათა მათ შეიძინონ ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელთა მეშვეობითაც მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლებიან. მთავარი არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფო სთავაზობს, ერთი მხრივ, განათლებას, მეორე მხრივ, მხარს უჭერს სამუშაო დისციპლინის, უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა შემდეგ ღია შრომის ბაზარზე გაუჩნდეს დასაქმების შესაძლებლობა. დასაქმების პროგრამები ამ თვალსაზრისით ძალიან წარმატებულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.