გივი მიქანაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნიუ იორკში, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სათავო ოფისში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ომარ აბდის შეხვდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და 2026-2030 წლების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF 2026-2030), რომლის ფარგლებშიც სამინისტრო და UNICEF-ი განათლების სისტემის გაძლიერებისთვის ერთობლივ ინიციატივებს განახორციელებენ“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრის თქმით, მალე იგეგმება წლიური სამუშაო გეგმის (AWP) დოკუმენტის გაფორმება, რაც არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
„შეხვედრაზე გივი მიქანაძემ იმ მნიშვნელოვან შედეგებზე ისაუბრა, რაც UNICEF-თან პარტნიორობით განხორციელებული პროექტების მეშვეობით განათლების სისტემაში იქნა მიღწეული და ომარ აბდის მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გამორჩეულ პრიორიტეტად დასახელდა განათლებაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირება, რაც ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიწოდების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა ბავშვთა უფლებების დაცვისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.