გიორგი აბაშიშვილი - ანაკლიის პორტი  უმნიშვნელოვანესი პროექტია, ევროკავშირისთვის ყველაზე პრიორიტეტული შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის
გიორგი აბაშიშვილი - ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია, ევროკავშირისთვის ყველაზე პრიორიტეტული შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის

დღეს ანაკლიის პორტი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ევროკავშირისთვის ყველაზე პრიორიტეტული შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

აბაშიშვილის თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები საუბრობენ შუა დერეფნის როლზე.

„ანაკლიის პორტმა უნდა შეასრულოს სწორედ ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მზარდი ვაჭრობის დაკმაყოფილება, მისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

ბუნებრივია, საქართველოს ამ კომპონენტში ჯამურად აქვს ძალიან დიდი როლი, მაგრამ ანაკლიის პორტი აქ გამორჩეულად მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ის უზრუნველყოფს კიდევ უფრო დიდი მოცულობის გემების გამტარუნარიანობას, რომელიც აქამდე ჩვენთვის და შუა დერეფნისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ასე რომ, პირველი რიგის სარგებელი აქედან მიიღეს სწორედ ევროკავშირმა და ჩინეთმა, გამომდინარე მათ შორის მზარდი ვაჭრობით“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ ფიქსირდება მსოფლიო რუკაზე, როგორც უმნიშვნელოვანესი პროექტების მესაკუთრე და განმახორციელებელი ქვეყანა, რაც ცალსახად საქართველოს დაცულობას ავტომატურად უზრუნველყოფს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენი მსხვილი ინვესტორიც არის ქვეყანაში, იმდენად უფრო მეტად დაცულია ქვეყანა და რამდენი მსხვილი მსოფლიო დონის მოთამაშის ინტერესიც არის, ამ შემთხვევაში, ქვეყნებს ვგულისხმობ, იმდენი ქვეყნის ინტერესშია, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყანა და ამით საქართველოს უსაფრთხოება უბრალოდ კიდევ უფრო მეტად მტკიცდება.

რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, ხშირად მსხვილ პროექტებზე საუბარი მხოლოდ სტრატეგიულ ჭრილში განიხილება, რაც აუცილებელია, მაგრამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, მით უმეტეს, ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, ყოველთვის განსაკუთრებულ სარგებელს იღებს თანმდევი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ვინაიდან ასეთი ტიპის პროექტები ორ კომპონენტს იძლევა. პირველი – ის ავტომატურად ქმნის სამუშაო ადგილებს, რადგან არის ძალიან შრომატევადი; და მეორე – ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი აუცილებლად ავითარებს გარშემო მცირე და საშუალო საწარმოებს, რადგან თავისთავად მსხვილ პროექტს სჭირდება დამხმარე ოპერირება და სხვა თანმდევი, კლასტერული ბიზნესების განვითარება.

ასე რომ, ავტომატურად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ უმსხვილესი პორტის გარშემო თანმდევი განვითარება ექნება მცირე და საშუალო ბიზნესს. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ჩნდება დამატებითი პერსპექტივა ენგურჰესის მსგავსი, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მეტი ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს მთლიან ეკონომიკურ სივრცეში“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.