პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და კახა კახიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს
პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და კახა კახიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს  ხვდებიან.

შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს, მსჯავრდებულთა შეწყალების მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე  კომენტარები არ გაკეთებულა.

შეწყალების მექანიზმის დახვეწისა და კომისიის მუშაობაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ თბილისში ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი და მას პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელი გაუნახევრდა. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ, ე.წ უდოს კომისიამ  ბაქრაძეს გათავისუფლებაზე უარი ექვსჯერ უთხრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქრაძის საქმეს თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება. ამასთან, შეწყალების კომისიამ  ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყვიტა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა 17 აპრილს, პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ბაქრაძესთან დაკავშირებით ადგილობრივ საბჭოსა და შეწყალების კომისიას იდენტური დოკუმენტები ჰქონდათ. ამასთან, მინისტრის თქმით, უკვე მესამე წელია, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია (ე.წ. უდოს კომისია) მსჯავრდებულთა ზეპირი მოსმენის პრაქტიკაზე გადავიდა და კარგი იქნება, თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისიაც დანერგავს. მან მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას შეხვედროდა.

შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები იმართება, უკვე შედგა შეხვედრა ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც შეთანხმდა, რომ შეწყალების კომისიის წევრთა შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს და შეწყალების მექანიზმის სტანდარტი გაიზარდოს.