ზვიად ქორიძე - შეწყალების კომისია უნდა გაფართოვდეს და გაიზარდოს შეწყალების მექანიზმის სტანდარტი
ზვიად ქორიძე - შეწყალების კომისია უნდა გაფართოვდეს და გაიზარდოს შეწყალების მექანიზმის სტანდარტი

შეწყალების კომისიის შემადგენლობა შესაძლოა, გაფართოვდეს. შეწყალების მექანიზმის გენდერული მიმართულებით სტანდარტის გაზრდასა და კომისიის შემადგენლობის გაფართოებაზე პრეზიდენტის სასახლეში შეწყალების კომისიის წევრების, პრეზიდენტის მრჩევლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო შეწყალების მექანიზმში არსებულ სტანდარტებს.

„უნდა მოხდეს კომისიის წევრთა შემადგენლობის გაფართოება და იმ ადამიანების მოწვევაც კომისიაში, რომლებიც შეიძლება, კიდევ უფრო მეტად წაადგნენ ამ სტანდარტის აწევას. შეხვედრები კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ცვლილებებისთვის სივრცე არსებობს.

„გვჭირდება დახმარება პროფესიონალი ადამიანებისა და კომპეტენტური წრეების. გვჭირდება ის, რომ დღეს, შედარებით ზოგადი რჩევები გარდაიქმნას უფრო კონკრეტულ გამოსავალში. ეს პროცესი დავიწყეთ იმისთვის, რომ შინაარსი და გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი გაცილებით უფრო მაღალი გახდეს. არასამთავრობოებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრის ინიციატივა პრეზიდენტისგან მოდის.

„პრეზიდენტი არის ღია იმისთვის, რომ მოვისმინოთ განსხვავებული, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები, რაც ყოველთვის კარგია და დაეხმარება პროცესის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.