კახა კახიშვილი - ვადამდე გათავისუფლების კომისიას ვეფხია ბაქრაძეზე იმის იდენტური დოკუმენტები ედო, რაც შეწყალების კომისიას
კახა კახიშვილი - ვადამდე გათავისუფლების კომისიას ვეფხია ბაქრაძეზე იმის იდენტური დოკუმენტები ედო, რაც შეწყალების კომისიას

პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით იმის იდენტური დოკუმენტები ედო, რა ტიპის დოკუმენტაციაც შეწყალების კომისიას ჰქონდა, უბრალოდ, ჩემი აზრით, მომავალ რისკებს უფრო სკრუპულოზურად უნდა შეხედო, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შესაძლოა, ჩვენები ამ ყველაფერს უფრო მეტად იმიტომ უყურებენ, რომ სამინისტროში მუშაობენ, ამ ყველაფერთან ყოველდღიური შეხება აქვთ და უფრო პროფესიული თვალით ხედავენ. აბსოლუტური გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ ალბათ, ყველაფერი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ მომავალში გარემოებები მაქსიმალურად გამოვრიცხოთ და პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურად გატარდეს. შესაძლებელია, მექანიზმები ჩვენც დავხვეწოთ, მათაც და ჩვენს შორის მეტი კომუნიკაცია იყოს“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს შეწყალების კომისიის კომუნიკაცია მხოლოდ ფურცლის გაგზავნა-გამოგზავნით შემოიფარგლება.

„ალბათ, ესეც დასახვეწია, რომ განხილვები უფრო ცოცხალ რეჟიმში მოხდეს. ცუდი არ იქნება, შეწყალების პროცესში შეწყალების კომისიის წინაშე ან ის პირი წარდგეს, რომლის მიმართაც შეწყალების აქტი განიხილება, ან თუნდაც დაწესებულების თანამშრომელი, რომლისგანაც ინფორმაციას პირისპირ გაიგებენ“, – განაცხადა კახიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ მსჯავრდებულებთან და დაწესებულების თანამშრომლებთან შეხვედრები არ ხდება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეწყალების კომისიას გადაწყვეტილების მიღება სასჯელაღსრულებიდან გაგზავნილი ინტერვიუსა და საქმის მასალების მიხედვით უწევს, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ ასე არ არის.

„ეს რომ ასე იყოს და გადაწყვეტილების მიღებისთვის მხოლოდ ჩვენს მიერ გაგზავნილი დოკუმენტი იყოს საკმარისი, მაშინ შეწყალების კომისიის აპარატი რაში გვჭირდებოდა?! მაშინ, პირდაპირ პრეზიდენტს გავუგზავნიდით და ხელს მოაწერდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ ხდება. შეწყალების კომისიაში ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები არიან. მე მათ პატივს ვცემ. ნაკლოვანებები სამუშაო რეჟიმში ჩანს და ჩემი აზრით, ალბათ, უფრო მექანიზმებია დასახვეწი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით, ვეფხია ბაქრაძე  14 აპრილს დააკავეს. მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ვეფხია ბაქრაძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი, დედასთან ერთად, პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.

მკვლელობისთვის დაკავებული პირი, შსს-ს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.