შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს
შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს

შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამის მიზეზი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გახდა. საქმეში ბრალდებული რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა.

„უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, ვიდრე არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად მუშაობენ ქალთა მიმართ ძალადობაზე და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

პრეზიდენტმა კომისიის მიერ შეწყალების საფუძვლად გამოყენებულ დოკუმენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

ვეფხია ბაქრაძეს, რომელიც სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 25 მაისს დატოვა. შსს-მ ვეფხია ბაქრაძე ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მიმდინარე წლის 14 აპრილს დააკავა.