გიორგი აბაშიშვილი - გლობალური სამხრეთი დანარჩენ მსოფლიოში იმ დოზით იქნება აქტუალური და წარმოდგენილი, რა დოზითაც ამას აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი და იაპონია გადაწყვეტენ
გიორგი აბაშიშვილი - გლობალური სამხრეთი დანარჩენ მსოფლიოში იმ დოზით იქნება აქტუალური და წარმოდგენილი, რა დოზითაც ამას აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი და იაპონია გადაწყვეტენ

გლობალური სამხრეთი იმ დოზით იქნება აქტუალური და წარმოდგენილი დანარჩენ მსოფლიოში, რა დოზითაც ამას გადაწყვეტენ აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი და იაპონია, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„გლობალურ სამხრეთს ექნება თავისი როლი, ამას ვერავინ წაიღებს, მათ შორის, ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, მაგრამ ცალკე თამაში იქნება იქამდე, ვიდრე ეს წითელ ხაზს არ გადაკვეთს. მე მაინც მგონია, რომ შეუძლებელია, გლობალური დასავლეთის გარეშე გლობალური სამხრეთის რამე იდეა შედგეს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკისგან განსხვავებით, „ბრიქსი“ დრამატულად განსხვავებული წარმონაქმნია.

„„Ბრიქსი“ უფრო პოლიტიკური წარმონაქმნია და გაგვიჭირდება, გავიხსენოთ, თუნდაც, ერთი „ქეისი“, რომელიც „ბრიქსის“ საშუალებით განხორციელდა, მდგრადი იყო, განგრძობადი, რაღაცაზე დაშენებული და რაღაც შენდება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

„ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა „ბრიქსთან“ დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მის ეფექტურობაში ძალიან დიდი ეჭვი შეაქვს, რადგან მთავარია არა ამ ორგანიზაციის მოცულობა, არამედ რამდენად ორგანიზაციულად იმართება ის და „ბრიქსს“ იქამდე ექნება საშუალება, რამეზე იმსჯელოს ან რამე შექმნას, ვიდრე ამ თემაზე დაშვება ექნება და ვიდრე სხვას რამე ტიპის საფრთხეს არ შეუქმნის.

ამასთან, გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყოფილა და ახლაც არის დიდი ინიციატივები, მაგრამ ამ ინიციატივებს დასავლეთის მხარდაჭერა თუ არ აქვს, ისინი იმ დოზით განვითარდება, რა დოზითაც ხელს არავის შეუშლის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესწევს თუ არა ჩინეთს პოტენციალი, იყოს ე.წ. გლობალური სამხრეთის ლიდერი და ხმა, რაც გაცხადებული აქვს, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივა, ჩინეთის ეს მოდელი იყო გლობალურ სამხრეთზე ძალიან სერიოზული ხელის დადება, თავისი კულტურული შემადგენელი ელემენტებით, მაგრამ, მათ შორის, ერთ-ერთი მაღალი რანგის კონფერენციიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს გეგმა იმდენად ამბიციური იყო, ჩინეთს მისი განხორციელება ძალიან გაუჭირდებოდა, თუ არ იქნებოდა მეტი მხარდაჭერა ან ურთიერთგაგება დასავლეთისგან.

„მგონია, რომ ჩინეთმა ეს დაინახა. ეს მოხდა საინტერესო დროს, პანდემიის პერიოდში, როდესაც სახის შენარჩუნების ნაწილში ჩინეთმა შეამცირა ინტენსივობა და, გარკვეულწილად, პაუზის რეჟიმში გადაიყვანა ამასთან დაკავშირებული აქტიური მოქმედებები. გვახსოვს, რომ წელიწადში ათეულობით ძალიან კარგად დაფინანსებული კონფერენცია იმართებოდა ამ ნაწილში და ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ძალიან კარგად დაფინანსებული კონფერენციები“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური სამხრეთის შემადგენელ სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში რომის პაპის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც გრანდიოზული ფაქტორია და ამის ცენტრი არის ვატიკანი-ევროპა.