გიორგი აბაშიშვილი - განსაკუთრებით, 2013 წლიდან აქტიურად მიდიოდა მუშაობა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიმართულებით და ამ თანმიმდევრულმა მუშაობამ მოიტანა შედეგი
გიორგი აბაშიშვილი - განსაკუთრებით, 2013 წლიდან აქტიურად მიდიოდა მუშაობა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიმართულებით და ამ თანმიმდევრულმა მუშაობამ მოიტანა შედეგი

განსაკუთრებით, 2013 წლიდან აქტიურად მიდიოდა მუშაობა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიმართულებით და ამ თანმიმდევრულმა მუშაობამ მოიტანა შედეგი, – ამის შესახებ “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბუნებრივია, ამ ყველაფრის შედეგი იყო ასოცირების შეთანხმება და ამ ეტაპზე, ამ ყველაფრის საბოლოო შედეგია კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ამ ყველაფერს ჰყავდა მოწინააღმდეგეები.

„როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით, ოთხჯერ მაინც შეცვალა ძირითადი მესიჯი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ჩვენ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, თუ რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. თავიდან საუბარი იყო, რომ საერთოდ არ მოგვცემდნენ, ხოლო როდესაც უკვე აღარ იყო იმედი, რომ საქართველოს არ მისცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მერე, სულ ბოლო მომენტში, წავიდა საუბარი იმაზე, რომ ყველას თავისთვის მიეწერა, ამის გამო მოგვცეს, რომ მე ვიაქტიურე, იმის გამო, რომ იქ ვიღაცებს შევხვდი და ა.შ. დღეს ის ადამიანები, ჯგუფები და მათ შორის, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ნამდვილად ბედნიერი იქნებოდნენ, დღეს რომ კანდიდატის სტატუსი არ გვქონოდა, გვილოცავენ და „უხარიათ“ მხოლოდ იმიტომ, რომ სირცხვილია, ახლა რომ არ გიხაროდეს, თორემ ვიცნობ რა ამ ადამიანების არანაკლებ 90%-ს ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მათი მთავარი მიზანი იყო, ეს როგორმე არ ყოფილიყო ხელისუფლების წარმატებად გასაღებული, ასე რომ ვთქვათ. მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი ის, რომ აქ ქვეყანა იგებდა და არა ცალკე აღებული ხელისუფლება, ან ცალკე აღებული ხალხი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ამ ყველაფრის მიუხედავად, დადგა ის შედეგი, რომელიც დადგა და თუ ახლა იქნება ამ კუთხით გამოღვიძების დრო, მეტი კონსოლიდაციის დრო და ერთობლივად მუშაობის საშუალება, ეს ძალიან კარგი იქნება.

„რაღაც კუთხით, თუ იმ ერთი წლის განმავლობაში შეცდომებიდან რაღაც დასკვნებს გავაკეთებთ და ვიმუშავებთ, მივალთ საბოლოო მიზანთან. იმიტომ, რომ არაფერი არ არის დასრულებული ამ შემთხვევაში და საბოლოო მიზანი, ფინალში მოგება ნიშნავს ევროკავშირის წევრობას და ევროკავშირის წევრობამდე ჩვენ უნდა მივიდეთ“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა ასევე განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსს აქვს ორი, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგენელი და მათი ცალ-ცალკე განხილვა შეუძლებელია.

„მე დარწმუნებული ვარ, მყისიერი შედეგი რაც შეიძლება, იყოს, იქნება ის, რომ საქართველოთი არათუ დაინტერესება მოხდება, არამედ საქართველოში განხორციელდება მეტი პრაქტიკული ინვესტიცია. დღეს, ძალიან კარგად შეიძლება საქართველოს საერთო შესაძლებლობებზე პრეზენტაციის გაკეთება – არა მხოლოდ იმაზე, რომ გვაქვს მართლაც საუკეთესო კანონმდებლობა, მართლაც საუკეთესი პირობები ინვესტორებისთვის, გვაქვს დაცული გარემო და ძალიან დაბალი გადასახადები, არამედ იმაზე, საქართველო პოლიტიკურად როგორ თანმიმდევრულად, ეტაპ-ეტაპ მიდიოდა იმ სტაბილური სივრცისკენ, რაც არის ევრკავშირი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა ამ ყველაფერს იმის ლაპარაკის დაწყება, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეს არის სრული ჯაჭვი, რომლის შედეგიც არის კანდიდატის სტატუსი და ეს ჯაჭვი, როცა შენ ამ გზაზე მიდიოდი და გქონდა ნაბიჯები მხოლოდ წინ, დიახ, ინვესტორს აფიქრებინებს, რომ ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.