გიორგი აბაშიშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ვერ იქნებოდა წარმატებული, რომ არა საქართველოს სწორი პოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა დაკავებული თავის როლთან და სტატუსთან დაკავშირებით
გიორგი აბაშიშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ვერ იქნებოდა წარმატებული, რომ არა საქართველოს სწორი პოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა დაკავებული თავის როლთან და სტატუსთან დაკავშირებით

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც წლევანდელი იყო და ამას რამდენიმე ფაქტორი აქვს, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ეს ვითარება თავისთავად შექმნა მსოფლიოში არსებულმა ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ, თუმცა რაც არ უნდა მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეექმნა არსებული რეალობა, ფორუმი ვერ იქნებოდა წარმატებული, რომ არა საქართველოს სწორი პოზიცია, რომელიც მას მთელი ამ წლების განმავლობაში ჰქონდა დაკავებული თავის როლთან და სტატუსთან დაკავშირებით. რამდენიმე ფაქტორის შეჯამებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა სიტუაცია, რომელსაც საქართველო დახვდა მზად. შესაბამისად, ფორუმი იყო ყველაზე უფრო მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ახლა და ამ დროს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, 2015 წლის ფორუმზე საქართველოს უწევდა მტკიცება, რომ იყო „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ წევრი, მთავრობამ შემდგომშიც პროაქტიულად იმუშავა და დღეს ვითარება დრამატულად არის შეცვლილი.

„კარგია, რომ ცდა და ძალისხმევა არცერთი წუთით არ დავაკელით ამ ნაწილს და ჩვენი მტკიცების გამამართლებლად დღეს ევროკავშირი საქართველოსგან აბსოლუტურად სწორად ითხოვს პროაქტიულ როლს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ შეგვიძლია, ვიყოთ პროაქტიურები. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, როდესაც ჩვენი სურვილები, რომ ვყოფილიყავით აქტიურები, ემთხვევა ჩვენი პარტნიორების სურვილს, რომ ვიყოთ აქტიურები. აქ ახლა რაც არის დარჩენილი, არის მოქმედება, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ამ ვითარებაში გაიხსნა, რამდენად სწორად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ცალსახად ჰქონდა ორი მდგენელი – პოლიტიკური და საინვესტიციო, ოღონდ, სხვა ყველა ფორუმისგან განსხვავებით, წლევანდელი ფორუმი იყო სტრატეგიულად საინვესტიციო ფორუმი.

„მე მქონდა კომუნიკაცია უცხოელ ბიზნესმენებთან, ქართველ ბიზნესმენებზე აღარაფერს ვამბობ, და ისინი ვითარებას უყურებენ არა მარტო იმ კუთხით, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო რეიტინგში ნამდვილად არის მოწინავე ქვეყანა, რომელსაც ყველა შეფასებით აქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, სტაბილური და ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო სისტემა, არამედ, გარდა ამისა, უყურებენ იმ კუთხით, რომ საქართველო სტრატეგიულად არის ძალიან კარგი ადგილი, სადაც, გარდა კონკრეტული ბენეფიტებისა, ინვესტირება უკვე სხვანაირად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ „შავი ზღვის კაბელის“ უმნიშვნელოვანესი და ყველა თვალსაზრისით საჩვენებელი პროექტი, როდესაც ყველა მხარის მონდომება იყო, ძალიან სწრაფად დაიწყო და ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.

„რა თქმა უნდა, რომელიღაც პროექტი უნდა ყოფილიყო ლოკომოტივი და დიახ, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტი ახლა არის ლოკომოტივი. თავის დროზე მაგალითი იყო „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და მოძველდა, როგორც მაგალითი, თორემ პროექტი იყო და არის ფლაგმანი, მაგრამ ახალი მაგალითი იყო საჭირო და ახალი მაგალითი არის „შავი ზღვის კაბელი“, თუ რა სწრაფად შეიძლება წინსვლა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. საქართველო მარტო შეძლებს თუ არა? ვერა, ვიტყვი პირდაპირ, მაგრამ საქართველო ევროკავშირთან ერთად ამას შეძლებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორც აბაშიშვილმა თქვა, შუა დერეფნის დატვირთვა არის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესი და საქართველო აუცილებლად იმოქმედებს ევროკავშირთან თანამშრომლობით.

„მე დარწმუნებული ვარ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში. საქართველო, როგორც რეგიონში ევროკავშირის ყველაზე ახლობელი, სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, დიახ, იმოქმედებს ევროკავშირთან თანამშრომლობით, რომ მოხდეს ტარიფების ჰარმონიზაცია. ხშირად წარმოგვიდგენია ხოლმე, თითქოს ჩვენი ინტერესია მარტო, რომ აქ ტვირთებმა გამოიაროს, მაგრამ არა; რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, მაგრამ ახლა იმდენად დიდია ევროკავშირის ინტერესი, რომ ეს დერეფანი დაიტვირთოს, ანუ რუსეთის ალტერნატივა გაჩნდეს, რომ ამ მოლაპარაკებებში სრულიად სხვა იქნება ევროკავშირის როლი“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.