პითონებს თითქმის ყველაფრის გადაყლაპვა შეუძლიათ — ახალმა კვლევამ დაადგინა, როგორ ახერხებენ ისინი ამას #1tvმეცნიერება
პითონებს თითქმის ყველაფრის გადაყლაპვა შეუძლიათ — ახალმა კვლევამ დაადგინა, როგორ ახერხებენ ისინი ამას #1tvმეცნიერება

ბირმული პითონი უზარმაზარია, სიგრძეში ხუთ მეტრამდე იზრდება. ამას გარდა, ამ ცხოველებს პირის წარმოუდგენლად დიდად გაღება შეუძლიათ, ისე, რომ ირმებს და ალიგატორებსაც კი ყლაპავენ. ეს უნარი მხოლოდ მათი დიდი ზომით ვერ აიხსნება.

ახალი კვლევა დეტალურად აღწერს, როგორ ჩამოუყალიბდათ ბირმულ პითონებს (Python molorus bivittatus) ეს უნიკალური მახასიათებელი, რაც მათ პირის იმხელაზე გაღების საშუალებას აძლევს, რომ ექვსჯერ უფრო დიდი მსხვერპლის გადაყლაპვა შეუძლიათ, ვიდრე ამავე ზომის ზოგიერთ სხვა გველს.

გაუმაძღარი მადის მიუხედავად, გარეული ბირმული პითონები სინამდვილეში საკმაოდ მოწყვლადები არიან თავიანთ მშობლიურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რისი მიზეზიც ნაწილობრივ არის ადამიანების მიერ მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურება.

თუმცა, ფლორიდაში, სადაც ისინი ხელოვნურად შეიყვანეს, ანადგურებენ ადგილობრივ სახეობებს და საფრთხეს უქმნიან ეკოსისტემას, რადგან ჭამენ თითქმის ყველაფერს, რაც კი გზად შეხვდებათ.

„ფლორიდის ეკოსისტემა ერთი სახეობის, ბირმული პითონის გამო, რეალურ დროში იცვლება“, — ამბობს ორგანიზაცია სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდის გარემოს დაცვის ორგანიზაციის მეცნიერი იან ბარტოშეკი.

ახალ კვლევაში, ბარტოშეკმა და სამმა სხვა მკვლევარმა ამ მასიური გველის ბიოლოგია დეტალურად შეისწავლა, განსაკუთრებით კი მისი უნარი, რომ შეჭამოს გზად შემხვედრი თითქმის ნებისმიერი ქმნილება.

კვლევით დადგინდა, რომ ისედაც დიდი პირის უფრო დიდად გასაღებად, ბირმულ პითონს სპეციალური მახასიათებელი ჩამოუყალიბდა: სუპერგაჭიმვადი კანი ქვედა ყბებს შორის, რაც მათ იმაზე დიდი ცხოველების გადაყლაპვის საშუალებას აძლევს, ვიდრე ამას მხოლოდ მათი ძლიერ მობილური ყბები უნდა იძლეოდეს.

ვინაიდან გველები მსხვერპლს მთლიანად ყლაპავენ, დაღეჭვის გარეშე, პირის გაღება საკვანძო ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს, თუ რისი ჭამა შეუძლიათ მათ.

ადამიანების და სხვა ძუძუმწოვრების ქვედა ყბებისგან განსხვავებით, გველების ქვედა ყბის ძვლები ერთმანეთთან შერწყმული კი არ არის, არამედ ცუდად არის გადაბმული ელასტიკური იოგებით, რაც პირის უფრო ფართოდ გაღების საშუალებას იძლევა.

მართალია, გაფართოებადი ყბები შეიძლება გველებისთვის სტანდარტი იყოს, მაგრამ კვლევის თანაავტორის, ცინცინატის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგის,ბრიუს ჯეინის განმარტებით, ბირმული პითონის ქვედა ყბების სუპერგაჭიმვადი კანი ელასტიკურობის ახალ დონეზე ადის.

„ქვედა ყბის მარცხენა და მარჯვენა ძვლებს შორის არსებული გაჭიმვადი კანი პითონებში რადიკალურად განსხვავებულია. მათი პირის გაღების ზონის 40 პროცენტზე მეტს გაჭიმვადი კანი განაპირობებს“, — ამბობს ჯეინი.

იმის გასარკვევად, როგორ შეეფარდებოდა გველების პირის გაღების მაჩვენებელი მათი სხეულის ზომას, ბირმულ პითონებთან ერთად, ჯეინმა და მისმა კოლეგებმა ასევე შეისწავლეს გარეული და ტყვეობაში მყოფი ხის ყავისფერი გველების (Boiga irregularis) პირის გაღების მაჩვენებელი.

ეს პატარა, საშუალოდ შხამიანი გველები ფრინველებზე და სხვა პატარა მსხვერპლზე ნადირობენ ტყეებში.

გველების და მათი პოტენციური მსხვერპლების გაზომვით, მკვლევრებს შეუძლიათ გამოავლინონ ის უდიდესი ცხოველი, რომლის შეჭმაც გველებს შეუძლიათ, ასევე შეაფასონ სხვადასხვა მსხვერპლის შეჭმით მიღებული სარგებელი, ვირთხებითა და კურდღლებით დაწყებული, ალიგატორებითა და თეთრკუდა ირმებით დამთავრებული.

როგორც მონაცემები მიუთითებს, პირის ფართოდ გაღება პატარა გველებს უფრო დიდ სარგებელს აძლევს, რადგან შეუძლიათ შედარებით დიდი მსხვერპლი გადაყლაპონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატარა პითონებს მათი ზომის სხვა გველებთან შედარებით უპირატესობა აქვთ, მსხვერპლთა უფრო ფართო სპექტრს ჭამენ.

სხეულის დიდი ზომა გველებს არა მხოლოდ მრავალფეროვანი მენიუთი უზრუნველყოფს, არამედ სხვა მტაცებელთა მენიუს მითვისებაშიც ეხმარება.

„როგორც კი გონივრულ ზომას მიაღწევენ, ამ პითონების შეჭმა მხოლოდ ალიგატორებს შეუძლიათ, პითონები კი ალიგატორებს ჭამენ“, — ამბობს ჯეინი.

წინა კვლევამ აჩვენა, რომ ბირმული პითონების მსგავსი მახრჩობელა გველები მსხვერპლს მოგუდვით კი არ კლავენ, არამედ სისხლის მიმოქცევის დაბლოკვით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა უბრალოდ ბიოლოგიურ ცნობისმოყვარეობას ემსახურებოდა და არა ამ ინვაზიური სახეობის კონტროლის გზების დადგენას, შესაძლოა, მეცნიერებს ის იმ კასკადური ეფექტების შემცირებაში დაეხმაროს, რაც ბირმულ პითონებს აქვთ ჭარბტენიან გარემოზე.

კვლევა Integrative Organismal Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.