როგორ ახერხებენ სუნთქვას და არ იგუდებიან მახრჩობელა გველები, როდესაც მსხვერპლს ახრჩობენ — #1tvმეცნიერება
როგორ ახერხებენ სუნთქვას და არ იგუდებიან მახრჩობელა გველები, როდესაც მსხვერპლს ახრჩობენ — #1tvმეცნიერება

ძლიერი ჩასაფრებული მონადირეები, მახრჩობელა გველები (Boa constrictor) განთქმული არიან მსხვერპლის სასტიკად მოპოვების გზით — მოჭერით ახრჩობენ, შემდეგ კი მთლიანს ყლაპავენ. მეცნიერებმა სულ ახლახან გაარკვიეს, როგორ ახერხებენ ამას გველები ისე, რომ ამ დროს თავადაც არ იგუდებიან.

გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სინამდვილეში, ეს უშხამო რეპტილიები საკუთარ მსხვერპლს გულისა და თავის ტვინისაკენ მიმავალი სისხლის ნაკადის ჩახშობის გზით კლავენ და არა გაგუდვით. ეს ხერხი, ისევე როგორც სუპერ-ელასტიკური ყბები, მათ შედარებით დიდ მსხვერპლთა მონადირების საშუალებას აძლევს, მაგალითად, ღორების, მაიმუნებისა თუ ოცელოტების. ისინი ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში არიან გავრცელებული.

ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, გველებს არ აქვთ დიაფრაგმა — კუნთების თხელი ფენა, რომელიც შეკუმშვა-გაფართოების გზით ფილტვებს ჰაერით ავსებს და ცლის; შესაბამისად, სუნთქვისათვის გველები მთლიანად ნეკნის კუნთებზე არიან დამოკიდებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეს კუნთები აქტიურად უჭერენ რაღაც გარე სხეულს ან მილისებრ სხეულში საკვებს გადააადგილებენ, გველებს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა არ შეუძლიათ.

თუმცა, ეს ღამის მონადირეები მსხვერპლის შეპყრობისას მოსვენების მდგომარეობასთან შედარებით თითქმის შვიდჯერ ზრდიან ჟანგბადის მოხმარებას, თავისი სხეულის წონის მეოთხედი მსხვერპლის მონელებისას კი 17-ჯერ. დიდხანს საიდუმლოდ რჩებოდა, თუ როგორ ახერხებენ მახრჩობელა გველები, რომ ისუნთქონ და ცოცხლები გადარჩნენ, როდესაც მსხვერპლის მოხრჩობას 45 წუთამდე უნდებიან.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ბრაუნის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ჯონ კაპანო ხელმძღვანელობდა, სისხლის წნევის მანჟეტები გამოიყენა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა ამ დროს. ამოცანა ნამდვილად სარისკო იყო.

„ცხოველები ან მანჟეტები არ აინტერესებდათ, ან თავდაცვით რეჟიმში გადადიოდნენ და გაძრომას ცდილობდნენ“, — ამბობს კაპანო და განმარტავს, რომ ქვეწარმავლებმა სისინით აავსეს ფილტვები და მკვლევრებს დიდი სუნთქვების გაზომვის ბრწყინვალე საშუალება მისცეს.

მანჟეტის სხვადასხვა წერტილში მოჭერის შედეგად, ჯგუფს შეეძლო შეეფასებინა და აღედგინა, როგორ მოძრაობდა გველის ნეკნები. როდესაც გველის თავთან ყველაზე ახლომდებარე ნეკნები მანჟეტის მოჭერით იხრჩობოდა, აწევას და გარე მიმართულებით მოძრაობს იწყებდა კუდისკენ მდებარე ნეკნები.

თუკი ამ უკანა ნეკნებს მოუჭერდნენ, მოძრაობას იწყებდა წინა ნეკნები.

შესაბამისად, მახრჩობელა გველებს შეუძლიათ აირჩიონ, ნეკნების სისტემის რომელმა ნაწილმა შეასრულოს სუნთქვითი მოძრაობები, რაც უზრუნველყოფს გაგუდვისგან მათ გადარჩენას, როცა ძირითადი სასუნთქი ნეკნები დაკავებულია.

ამ ახლად აღმოჩენილ შესაძლებლობას კაპანომ და მისმა ჯგუფმა „ფილტვების მოდულარული ვენტილაცია“ უწოდეს და ეჭვობენ, რომ ის იქამდე ჩამოყალიბდა, ვიდრე გველები მსხვერპლთა მოხრჩობას დაიწყებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელი, მილის ფორმის სხეული ხერხემლიან ცხოველებში სულ მცირე 65 მილიონი წლის წინ ჩამოუყალიბდათ, გველები ყველა სხვა ჯგუფს შორის ყველაზე დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან — ცნობილია მათი თითქმის 4000 სახეობა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, დიდი მსხვერპლისა და მათი მთლიანად გადაყლაპვის უნარი შესაძლოა ამ ცხოველებს უპირატესობას აძლევდა, რადგან ასე უფრო მრავალფეროვანი მსხვერპლის მოხმარების საშუალება ექნებოდათ.

კაპანოსა და მისი ჯგუფის აზრით, ფილტვების მოდულარული ვენტილაცია საკვანძო უნდა ყოფილიყო გველების ევოლუციაში. ასეთი მასიური მსხვერპლის დახრჩობისა და გადაყლაპვის გამორჩეულ უნარს მათთვის ახალ ეკოლოგიურ ნიშაში შესვლა უნდა გაეადვილებინა.

კვლევა Journal of Experimental Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.