ფლორიდაში 5-მეტრიანი პითონი დაიჭირეს - შეჭრილი სახეობა, რომელიც ეკოსისტემას ანადგურებს
ფლორიდაში 5-მეტრიანი პითონი დაიჭირეს - შეჭრილი სახეობა, რომელიც ეკოსისტემას ანადგურებს

ფლორიდის შტატში, ევერგლეიდსის ბუნებრივი რეგიონის ბიგ-საიპრესის ბუნებრივ ნაკრძალში მეცნიერებმა დაიჭირეს და მოკლეს ბირმული პითონი.

მდედრი პითონი სიგრძეში 5,1 მეტრი იყო და იწონიდა 63,5 კილოგრამს. ეს სახეობა ფლორიდაში ინვაზიურია (შეჭრილი) და ანადგურებს ადგილობრივ ველურ ბუნებას. გველის დაჭერა მიტყუების ახალი ტექნოლოგიის წყალობით მოხერხდა.

ფლორიდაში ხშირად იჭერენ 1,8-3 მეტრი სიგრძის ბირმულ პითონებს. თავიანთ ბუნებრივი გავრცელების ზონებში ეს გველები 5,4-6 მეტრამდეც იზრდებიან.

მამრ პითონებს მკვლევრები რადიოგადამცემებს უყენებენ და შემდეგ უთვალთვალებენ, როგორ ეძებს ის შესაჯვარებლად მდედრებს. წინა კვირაში ნაკრძალში დაჭერილ პითონს მუცელში 73 კვერცხი ჰქონდა დასადები. ბირმული პითონების გამრავლების სეზონი იანვრიდან აპრილამდე გრძელდება.

ფლორიდის ველური ბუნების კომისიის ხელმძღვანელთა განცხადებით, რადიოგადამცემების გამოყენება უფრო დიდი პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც არის სამხრეთ ფლორიდის არაადგილობრივი სახეობების ამოძირკვა.

სპეციალური ჯგუფი გველებს იჭერს, აგროვებს მონაცემებს და ავითარებს მათი მოსპობის ახალ ხელსაწყოებს.

პითონების პოპულაციის კონტროლისთვის ფლორიდაში სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის, ადამიანებს ახალისებენ პითონების ხოცვას კერძო საკუთრებების ტერიტორიებზე.

ბირმული პითონის სამშობლო აზიაა. სამხრეთ ფლორიდის ჭაობებში ის მას შემდეგ გავრცელდა, რაც ადამიანებმა სახლიდან გაუშვეს შინაური ინდივიდები.

ბირმული პითონი ევერგლეიდსში პირველად 1980-იან წლებში შენიშნეს. პოპულაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა 1992 წლის ქარიშხალ ენდრიუს შემდეგ.

მე-5 კატეგორიის ამ შტორმმა სამხრეთ ფლორიდაში უხვი ნალექები გამოიწვია და გაანადგურა ეგზოტიკურ ცხოველთა რამდენიმე ობიექტი.

მას შემდეგ, პითონები ანადგურებენ რეგიონის ეკოსისტემას, საკვებში კონკურენციას უწევენ ველური ბუნების ადგილობრივ მტაცებლებს, რამაც რამდენიმე ცხოველის სახეობის მნიშვნელოვანი შემცირებაც გამოიწვია.

2012 წლის კვლევის მიხედვით, 1997 წლიდან, ევერგლეიდში 99,3 პროცენტით შემცირდა ენოტების პოპულაცია, 98,9 პროცენტით ოპოსუმების, 87,5 პროცნტით კი ფოცხვერების პოპულაცია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, თანდათან თითქმის გაქრნენ კურდღლები და მელიებიც.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.