პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატი პატიმრობის სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ გეგმავს
პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატი პატიმრობის სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ გეგმავს

დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დროს ერთ-ერთი დაკავებულის რუსლან ალდამოვის უფლებადამცველი საქალაქო სასამართლოს 28 დეკემბრის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ გეგმავს,- ამის შესახებ პირველ არხს ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

კუბლაშვილის თქმით, ის უახლოეს მომავალში ხეობაში ჩასვლას, მოწმეებთან გასაუბრებას და მტკიცებულებების მოგროვებას გეგმავს.

„დაველოდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაზუსტებულ პოზიციას გასაჩივრებასთან დაკავშირებით. სასამართლოში, ადგილზე რაც განვუმარტე, მან მითხრა, რომ აზრი აღარ აქვს, იგი შეეგუება ამ წინასწარ პატიმრობას, მას, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის სურვილი აქვს, მზად არის ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი. მას თავი დამნაშავედ არ მიაჩნია.

მან მითხრა, რომ აქვს სურვილი მოვიძიო მტკიცებულებები, ჩავიდე ხეობაში, გამოვიკითხო მოწმეები.

ჩემი ვარაუდით, ის მტკიცებულებები რაც საქმეშია წარმოდგენილი, ეყრდნობა ვარაუდებს. ეს არის რაც ნამდვილად არ წარმოადგენს იმის ფიქრის ვარაუდს, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული.

ზოგადად მგონია, რომ ეს ადამიანები არიან მხვერპლი. მგონია, რომ მათ პირიქით სჭირდებათ ჩვენი დაცვა. ახალგაზრდებს სჭირდებათ ჩვენი დაცვა მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციებისგან, რომ არ მოხდეს მათი გამოყენება და არ მოხდეს მათზე ზეგავლენის მოხდენა“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პანკისში, სპეცოპერაციისას დაკავებულ სამ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 28 დეკემბერს შეეფარდა.