ილია ჯიშკარიანის ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე ბრალდების მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას დაეთანხმება
ილია ჯიშკარიანის ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე ბრალდების მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას დაეთანხმება

დაცვის მხარე დღეს დაეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას და არ მოვითხვთ ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, – ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, პროკურატურას სუსტი პოზიცია აქვს და ვერ ამტკიცებს ჯიშკარიანის ბრალეულობას.

„დაცვის მხარე დღეს დაეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას და არ დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე.

ჩვენი ინტერესია, რომ წარიმართოს პროცესები, ჩავერთოთ მაქსიმალურად, წარვადგინოთ მტკიცებულებები და შემდგომ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა. ბრალდების მხარეს ძალიან სუსტი პოზიცია აქვს, მათ ერთი მტკიცებულება აქვს დართული, რომელიც დაინტერესებული მხარის, დაზარალებულის მიერ არის მიცემული და სხვა ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დამნაშავეობას. შესაბამისად, შუამდგომლობა არის შესატყვისი იმ მოცემულობისა, რაც გვაქვს წარმოდგენილი ბრალის დასაბუთებაში“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ჯიშკარიანის ჯანმრთელობის ცნობას დღეს წარუდგენს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს.

„მე მივმართავ მეორე მხარეს, ვიყოთ კორექტულები და დავასაბუთოთ ჩვენ მიერ გაკეთებული სხვადასხვა განცხადება. რაც შეეხება მეგობრობას, რომ თითქოსდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი და ექიმი არიან მეგობრები და აქედან გამომდინარე ექიმი ყალბ ცნობას ამზადებს, ამას სჭირდება დასაბუთება და თუ არსებობს ამის ეჭვი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ განცხადებით, რომ დაიწყოს გამოძიება, სხვა შემთხვევაში მსგავსი ტიპის განცხადებები არ უნდა გაკეთდეს, ვინაიდან ხელს მიშლის მე დაცვის უფლების განხორციელებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობიდან და სტატუსიდან გამომდინარე“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 10-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ​საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა „ნიუს ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.