ირაკლი კობახიძე - პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას თავისი სპეციფიკა აქვს
ირაკლი კობახიძე - პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას თავისი სპეციფიკა აქვს

არ არის სწორი ასეთი საკითხების ღია რეჟიმში განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებულ კითხვაზე.

მისი თქმით, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ფორმატში იყო მსჯელობა და ასევე, ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, დახურულ ფორმატში ყველა კითხვაზე მიეღო პასუხი.

„სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ამ საქმეს, მთლიანობაში, რაც დაკავშირებულია სპეცოპერაციასთან. აქედან გამომდინარე, არსებითად სამართალდამცავების პასუხს უნდა დაველოდოთ. თუმცა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა სხვადასხვა ფორმატში საკითხზე მსჯელობისა და ინფორმაციის მიღების საშუალება და ვფიქრობ, არსებითად სურათი არის ნათელი. დამატებით რა ინსტრუმენტები შეიძლება, იყოს გამოყენებული, არ ვიცი, ამაზე მსჯელობა შეიძლება. ოპოზიციას ჰქონდა დახურულ ფორმატში ყველა კითხვაზე პასუხის მიღების საშუალება და დამატებითი, დამაზუსტებელი კითხვები არ ჰქონიათ იმდენად ნათელი იყო რეალურად სურათი. ყველამ იცის, რა არის და როგორ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თუ რამე დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება, ამაზე მსჯელობა შესაძლებელია.

„აქ არ არის საგამოძიებო კომისიის აუცილებლობაზე საუბარი. საგამოძიებო კომისიას აქვს თავისი სპეციფიკა და ეს სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც საკითხები დახურულ ფორმატში ვერ განიხილება ან ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება თავისთავად უმრავლესობის მხარდაჭერა. უმრავლესობა არც ერთ მხარეს არ აქვს ასეთ შემთხვევაში. არ არის სწორი ასეთი საკითხების განხილვა ღია რეჟიმში და ეს არის ერთ-ერთი სირთულე, რომელიც დაკავშირებულია საგამოძიებო კომისიის შექმნასთან. ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.