ადვოკატი ილია ჯიშკარიანისთვის მოწმეებთან კომუნიკაციის აკრძალვის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ადვოკატი ილია ჯიშკარიანისთვის მოწმეებთან კომუნიკაციის აკრძალვის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოწმეებთან კომუნიკაციის აკრძალვის თაობაზე.

როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის გაუგებარია, სამსახურში დაბრუნების შემდეგ ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა აკრძალვის შემთხვევაში როგორ უნდა გააგრძელოს თანამშრომლებთან კომუნიკაცია.

„რაც შეეხება აკრძალვებს, რომელიც დაწესდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ვგულისხმობ გამოკითხულ მოწმეებთან სპეციალური ნებართვის გარეშე კომუნიკაციის აკრძალვას – აღნიშნული მოწმეები არიან არა მხოლოდ გარეშე ადამიანები – მეზობლები, ასევე თანამშრომლები, რომლებიც მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ იქ მუშაობდა თამთა და ნამდვილად იქ იყვნენ იმ დღისით. ეს არ გახლავთ ის ინფორმაცია, რომელსაც სადავოდ ვხდით, შესაბამისად ჩვენ არ დავეთანხმეთ შუამდგომლობას ამ ნაწილში. იქიდან გამომდინარე, რომ ილია ჯიშკარიანი სამსახურს როდესაც დაუბრუნდება, მან უნდა გააგრძელოს სამსახურში სიარული. რა რეჟიმში იქნება მუშაობა შესაძლებელი, თუ აკრძალული ექნება კომუნიკაცია საკუთარ თანამშრომლებთან.

ჩვენ არ გვაქვს დისკომფორტი, რომ ამავე ოფისში განთავსდეს აუდიო-ვიდეო თვალთვალი და ჩაიწერონ, რა კომუნიკაცია ექნება ბატონ ილიას თანამშრომლებთან და ასევე მისი გადაადგილება იყოს გამჭვირვალე, მათ შორის სათვალთვალო კამერები არსებობს“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ამასთან ადვოკატის თქმით, ბრალის წაყენება არ ნიშნავს, რომ პირი აუცილებლად დამნაშავეა.

„ბრალდების წაყენება არ ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ აუცილებლად პირი დამნაშავეა. ძალიან მძიმე ფაქტია, მაგრამ როდესაც მამაკაცი ძირს დააგდებს ქალბატონს და ცემს მას წიხლით და ხელებით, მას აქვს შესაბამისი კვალი და შესაბამისად სამედიცინო ექსპერტიზის მიერ უნდა იყოს დადგენილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს გამოძიებასთან არაერთი კითხვა გააჩნია.

„ჯერ ერთ კითხვაზე გამცეს პასუხი გამოძიებამ, რატომ არ ჩაუტარა ექსპერტიზა თამთა თოდაძეს, რომ ის იყო უკიდურესი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, მე მაინტერესებს რატომ არ არის ჩატარებული და რატომ არის ეს ფაქტი უგულებელყოფილი. რაც შეეხება სამართალდამცველების მისვლის ფაქტს, იქ იყო უამრავი მოწმე რომლებიც აღწერენ, სად ეყარა ნივთები, თამთა თოდაძის მაგიდის წინ იყო გადაგდებული საკუთარი მაგიდიდანვე ეს ნივთები“, – განაცხადა ადვოკატმა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, მის კლიენტს აქვს გულის პრობლემები, არაერთხელ გადატანილი ინფარქტი და არსებობს სამედიცინო ცნობა მის მდგომარეობაზე. შესაძლებელია ნებისმიერი მოულოდნელი ფონის განვითარება და მისი მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება.