მარიამ კუბლაშვილი - ფეხბურთელებმა სავარაუდო ქმედება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად განახორციელეს
მარიამ კუბლაშვილი - ფეხბურთელებმა სავარაუდო ქმედება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად განახორციელეს

ფეხბურთელებმა სავარაუდო ქმედება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად განახორციელეს, – ამის შესახებ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

კუბლაშვილის თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიგურირებს, თუმცა თანხა არ მიუღია.

„ქმედებას და ის, საიდანაც წარმოიშვა, მე ვუწოდებდი, რომ ეს იყო რიგითი პროვოკაცია, რომელიც იყო ძალიან სწორად და კარგად დაგეგმილი. მათ ეს სავარაუდო ქმედება განახორციელეს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ არის ცოტა გაურკვეველი და ამოსახსნელი ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც არსებითი განხილვის დროს იქნება“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

კითხვაზე, თუ ვის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში ფიგურირებს რამდენიმე ადამიანი.

„პროვოკაციულად, წინასწარ, გეგმის მიხედვით ფეხბურთელებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, სჭირდებოდა დახმარება და შესაძლოა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ოთხი ბრალდებულის მიმართ პატიმრობას, შვიდის მიმართ კი, გირაოს მოითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი 20 მაისს დააკავეს.