პანკისის ხეობის მცხოვრებლები სოფელ ჯოყოლოში სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ
პანკისის ხეობის მცხოვრებლები სოფელ ჯოყოლოში შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. შეკრებილების უმრავლესობა ამბობს, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობას არ დაუშვებს. როგორც ისინი განმარტავენ, შეკრების მთავარი მიზანი ხელისუფლების მიმართ ამ პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა.
„მინისტრი გახარია დაგვპირდა, რომ ჰესები მხოლოდ მაშინ აშენდება, თუ 90 პროცენტი იქნება თანახმა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ თანახმა არ ვართ და არანაირი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ შედგება“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ზაურ ბაღაკაშვილმა.
დღევანდელი შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, თამაზ ბაღაკაშვილი კი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებასაც ესწრებოდა, ამბობს, რომ ხეობაში მშვიდობა სურს და ყველა პრობლემის გადაჭრა მხოლოდ დიალოგის გზით არის შესაძლებელი.
შეკრების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ კიდევ გაკეთდება კომენტარი, რაზე შეთანხმდნენ ადგილობრივები.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება 21 აპრილს ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველი იყო. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.