სასამართლო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული პირებისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ალტერნატივის სახით კი, დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვს.

საქმის პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ამ ჯგუფის მიერ დანაშაული იგეგმებოდა. თუმცა, სად იგეგმებოდა ეს დანაშაული ამას სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი ვერ ადასტურებს.

„მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, რომ დაკავებულებს შეეფარდოთ პატიმრობა. საქმეში არის აუდიო და ფოტო მტკიცებულებები, ამასთანავე მიმდინარეობს გამოძიება და ინტენსიურ რეჟიმში მტკიცებულებების მოპოვება. ზუსტად სად იგეგმებოდა ეს დანაშაული, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ მოგაწვდით ინფორმაციის. კი, ისინი გადაადგილდებოდნენ ბათუმში, მაგრამ იქ უნდა მომხდარიყო თუ არა დანაშაული, ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარვყოფთ“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, გიორგი ხაჩიძემ.

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით ხუთი პირი ორი დღის წინ დააკავეს. გუშინ კი გასაჯაროვდა მასალა, სადაც ჩანს, რომ დაკავებულები ტერორისტული სიმბოლიკით გადაადგილდებოდნენ და სატელეფონო საუბრებში დანაშაულებრივ გეგმებზე საუბრობდნენ.