ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობა დაიწყეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა, თუმცა შიმშილობის აქცია გრძელდება.
საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბესიკ ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ და თორნიკე გოგუაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელში შიმშილობა დაიწყეს.
„შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობებს არ დატოვებენ ის პირები, რომლებმაც ჩემზე განხორციელებულ თავდასხმაში მიიღეს მონაწილეობა. მოვუწოდებთ შსს-ს, მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე“, – აცხადებს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ქათამაძე.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მორიგი საპროტესტო აქცია ოზურგეთში პარასკევს, 12:00 საათზე გაიმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდნენ.
ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მედიის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობდნენ, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.