თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება
თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება

თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ორ მილიარდ ლარს მიაღწევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და შემდეგ დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება, ძირითადად, გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხებია. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შედეგად კი ორ მლრდ ლარს მიაღწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მუნიციპალურ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება.

„ვიწყებთ პროცედურებს, რომ წელს დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენ თავიდან 200 ერთეულის შეძენა გვინდოდა, თუმცა საკმარისი თანხა არ გვქონდა და მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ; ჯანდაცვის სამსახურში, სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოიყოფა 4 300 000 ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ემატება, დაახლოებით, 17 მლნ ლარი სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად. მათ შორის, არის მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის პროექტი და სამგორში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაშია, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საავტომობილო გზა განადგურებულია. გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამსახურს 36 მლნ ლარი ემატება. აქედან 10 მლნ ლარი გათვალისწინებულია ვაკის პარკისთვის, ე.წ. სამხედრო ქალაქში ახალი პარკის მოსაწყობად – 6 მლნ ლარი, ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის -10 მლნ ლარი, გლდანის ტბისთვის – 5 მლნ ლარი. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სკვერისა და რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს რაიონულ გამგეობებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, ჯამში, 13 მლნ ლარი დაემატება.

„კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით გამოიყოფა 19 მლნ ლარი, საიდანაც 13,5 მლნ ლარი ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება, ხოლო 5 მლნ ლარი – დიღმის მასივში სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოებს. „თბილსერვის ჯგუფს“ ეძლევა, დაახლოებით, 37 მილიონი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. მათ შორის, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და დამატებითი სპეცტექნიკის შესასყიდად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.