გიორგი ტყემალაძე - წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ოპოზიცია ჩვეულ მავნებლურ კამპანიას აწარმოებს
გიორგი ტყემალაძე - წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ოპოზიცია ჩვეულ მავნებლურ კამპანიას აწარმოებს

ოპოზიციამ ბოლო დღეების განმავლობაში ატეხა მავნებლური აჟიოტაჟი და ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტის კომენტირებისას გააკეთა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ოპოზიცია მოსახლეობის დეზინფორმირებას ცდილობს, სინამდვილეში კი წერეთლის გამზირზე სამუშაოები მოცემულ ვადებში, იანვრის ბოლოს დასრულდება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ახალ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა და იანვრის ბოლოს იქ სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.

„წერეთლის გამზირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. სულ მალე ჩვენ გვექნება რეაბილიტირებული და სატრანსპორტო რეფორმის შესაბამისად დაგეგმარებული გამზირი, სრულად განახლებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩვენი ქალაქისთვის. ამ დროს კი ოპოზიცია აწარმოებს მისთვის ჩვეულ მავნებლურ კამპანიას და ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რაც არასწორია. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი იწვევს მოსახლეობის დისკომფორტს, მაგრამ ადამიანები ამას გაგებით ეკიდებიან“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მას შემდეგ, რაც კახი კალაძე არის ქალაქის მერი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის მერია 2017 წლიდან ახორციელებს იმ გამზირების რეაბილიტაციას, სადაც სამუშაოები, ათეულობით წლებია, არ ჩატარებულა.

მისივე თქმით, ასეთი პროექტების განხორციელება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მოცემულ ვადებში დასრულდება და იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.