ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო [ვიდეო]

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მედიის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობდნენ, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სამართალდამცავებმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს.

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა მიმდინარეობს. იგი მედიისთვის დახურულია.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შეხვედრას საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ოზურგეთის გამგეობის წინ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავდნენ. ისინი ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვდნენ.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.