შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, ჩაერთონ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმ ცვლილებების განხილვაში, რომლის ინიცირებასაც „ოცნება“ მომავალ კვირას გეგმავს
შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, ჩაერთონ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმ ცვლილებების განხილვაში, რომლის ინიცირებასაც „ოცნება“ მომავალ კვირას გეგმავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებს, ჩაერთოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმ ცვლილებების განხილვაში, რომლის ინიცირებასაც „ქართული ოცნება“ მომავალ კვირას გეგმავს.

საუბარია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შესაძლო გაუქმებაზე.

„ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ საკითხის განხილვაში. მათ შორის, პარლამენტის ფარგლებში, გაერო-ს განვითარების სააგენტოს დახმარებით გაკეთდა გარკვეული კვლევაც, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა როგორ შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მოსახლეობასთან, რა გამოცდილება არსებობს სხვა ქვეყნებში ამ მხრივ. სამწუხაროდ, ძალიან დიდი გამოცდილება ამ მხრივ არც არის. ან არის მაჟორიტარული სისტემები, ან არ არის. შესაბამისად, ვფიქრობ, საინტერესო იდეა არის ამ მხრივ. თავის დროზე იყო მსჯელობა ამ კვლევის ფარგლებში, რომ, გარკვეულწილად, პარტიებმა უნდა იკისრონ თავის თავზე, მოსახლეობას, ამომრჩევლებს მისცენ შესაძლებლობა, მათ თავიანთი წარმომადგენლები დაინახონ პარტიულ სიაში. ეს არის ყველაზე სწორი და მარტივი გზა, მათ შორის, იმისთვის, რომ პარტიული საქმიანობის ნაწილი უნდა იყოს ეს და არა პარლამენტის საქმიანობის. ასე რომ, წინ არის განხილვები და ყველას მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.