ლევან ხაბეიშვილი - არჩევნებში გამარჯვებისთანავე, „ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთში დიდ აეროპორტს ააშენებს
ლევან ხაბეიშვილი - არჩევნებში გამარჯვებისთანავე, „ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთში დიდ აეროპორტს ააშენებს

„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათიათასობით სამუშაო ადგილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოზურგეთში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას.

„ოზურგეთში მოსახლეობის 30 პროცენტი, 25 000 ადამიანი, ფაქტობრივად, გაიქცა ქვეყნიდან უკანასკნელ ხუთ წელიწადში, ოზურგეთში 50 პროცენტს მოსახლეობის არ აქვს წყალი, 53 პროცენტი არის სოციალურად დაუცველი, 70 პროცენტს არ აქვს კანალიზაცია და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან ხუთი წლის განმავლობაში და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰპარავს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები. ახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ლოგისტიკური ცენტრი, ნამდვილი ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად, ათიათასობით სამუშაო ადგილს. ჩვენი მოქალაქეები არა თუ არ გაიქცევიან, მათ შორის, ქვეყნიდან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას. აქ წარმოდგენილია კომპანიები, რომლებიც გავიდნენ რუსეთიდან სანქციის პირობებში. ჩვენს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ 5 000 კომპანია გავიდა რუსეთიდან, 266 მილიარდი კაპიტალი, 4-6 მილიონამდე სამუშოა ადგილი და არცერთი სამუშაო ადგილი, არცერთი კომპანია, არცერთი მილიონი არ მოსულა საქართველომდე და საქართველოში, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული შესაძლებლობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ჰპარავს ჩვენს მოსახლეობას იმ შესაძლებლობას, რითაც ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები. ამიტომ, ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ აქ, სადაც ახლა მე ვიმყოფები, აშენდება ყველაზე დიდი აეროპორტი, შეიქმნება ლოგისტიკური ცენტრი და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული შემოსავალი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.