ოთარ კახიძე - ეჭვები ჩნდება, რადგან გამოძიებას არ აქვს სარწმუნო შედეგები წინა ხანძრებთან დაკავშირებით
ახლა მთავარია ხელისუფლებამ მოახერხოს, რომ გუშინდელი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი სწორად აღნუსხოს და დაითვალოს, ცეცხლის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კი, კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
„იმის გამო, რომ გამოძიებას არ აქვს ხელშესახები და სარწმუნო შედეგები წინა ხანძრებთან დაკავშირებით, ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს, თუმცა ამ ხელისუფლებას თავისი ცოდვები ისედაც ეყოფა, რომ დამატებით რამე არ დავაბრალოთ. ამიტომ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და იმის მიხედვით ვიმსჯელოთ. ახლა მთავარია, ხელისუფლებამ მოახერხოს, რომ ზარალი სწორად იყოს აღნუსხული, დათვლილი და შემდგომში უკვე ნორმალური, სანდო პასუხი გაეცეთ დაზარალებულებს, რომლებსაც თავიანთი ქონება დაეწვათ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობაზე „თერგი“ ხანძარი გუშინ ღამით, დაახლოებით 24:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი. მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.