ნიუ-იორკის შტატში მსოფლიოში უძველესი ნამარხი ტყე აღმოაჩინეს
ნიუ-იორკის შტატში მსოფლიოში უძველესი ნამარხი ტყე აღმოაჩინეს

ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ კაიროს ერთ-ერთ მიტოვებულ კარიერში მსოფლიოში უძველესი განმარხებული ტყის ფენები აღმოაჩინეს.

გაქვავებული ფესვების უიშვიათესი ქსელები 2009 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს; ზოგიერთი მათგანი სიგანეში 11 მეტრია და წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთ დროს იდგა ერთ-ერთი უძველესი მერქნიანი ხეები.

მეცნიერთა აზრით, ამ გრძელი ფესვების დიდი ნაწილი არქეოპტერისის გვარის მცენარეებს ეკუთვნოდა, რომელიც დღევანდელი ხეების წინაპარია და ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თავის ბრტყელი, მწვანე ფოთლებით ჰაერიდან ნახშირორჟანგის დაჭერა და შენახვა დაიწყო.

ასეთმა აქტივობამ დრამატულად შეცვალა ჩვენი პლანეტის კლიმატი, ატმოსფეროს დაუმატა უფრო მეტი ჟანგბადი და შექმნა ნაყოფიერი ჰაბიტატი პრიმიტიული მწერებისა და მრავალფეხიანთა მსგავსი ქმნილებებისთვის. ჯერ კიდევ მრავალი წელი რჩებოდა იქამდე, ვიდრე ამ ხეებზე ფრინველები და სხვა მოზრდილი ცხოველები დაიდებდნენ ბინას.

კარდიფის უნივერსიტეტის პალეობოტანიკოს კრისტოფერ ბერის განცხადებით, დევონური პერიოდის მიწურულს (360 მლნ წლის წინ), ნახშირორჟანგის ოდენობამ დაიწია და დღევანდელ მაჩვენებლამდე დავიდა.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა განმარხებული ტყის ნაშთებს 3000 კვადრატულ მეტრ ტეროტორიაზე მიაგნო; მოიცავს უძველესი ხეების ორ სხვა ტიპსაც. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის ნამარხ მცენარეთა ჯგუფს, რომელსაც კლადოქსილოფსიდებს უწოდებენ, მეორე ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

ტყე საკმაოდ ღია და მეჩხერი უნდა ყოფილიყო; ყველგან შეიმჩნევა კლადოქსილოფსიდების შეჯგუფებები. ეს გამორჩეული, უფოთლო ხე სიმაღლეში 10 მეტრი უნდა ყოფილიყო, ნიახურის მსგავსი ტოტებითა და ზედაპირული ფესვებით.

მეორე მხრივ, არქეოპტერისი ფიჭვის ხეს წააგავდა, მაგრამ წიწვების ნაცვლად, დაფარული უნდა ყოფილიყო გვიმრის მსგავსი ფოთლებით. გრძელი, მერქნის ფესვების მქონე ამ მცენარეს დრამატულად უნდა შეეცვალა ის გზა, რომლითაც მცენარეები და ნიადაგი წყალს აგროვებენ.

ავტორთა განცხადებით, ყველა ეს მცენარე სავარაუდოდ სპორებით მრავლდებოდა და არა თესლით.

ლონდონის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერს, ჰოვარდ ფალკონ ლანგს, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ეჭვი არ ეპარება, რომ ეს გახლავთ ჩვენს პლანეტაზე აღმოჩენილი უძველესი ნამარხი ხეები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში სხვა უფრო ძველ ნამარხებს არ აღმოვაჩენთ.

ქვიშაქვის ამ კარიერში ასევე აღმოჩენილია თევზების ნამარხები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს უძველესი ტყე საბოლოოდ წყალმა შთანთქა.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია BBC-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.