ნინო ნიჟარაძის ადვოკატი - „ინტერმედიაში“ მიდის გაუმართლებლად დიდი თანხები „რუსთავი 2“-დან და ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს ტელეკომპანიის გაკოტრების მიზანმიმართული მცდელობა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესს არ წარმოადგენდა სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვა.
გიორგი ყავლაშვილის თქმით, ნიჟარაძე 2015 წლიდან ყველანაირად ცდილობდა, მომხდარიყო მისი კუთვნილი წილის რეალიზაცია, თუმცა სააქციო საზოგადოების წესდებიდან გამომდინარე, საჭიროა პარტნიორების თანხმობა, რომელიც ნინო ნიჟარაძემ ვერ მიიღო.
„მიზეზი ერთი მხრივ ახსნადია – პარტნიორებს არ სურთ სააქციო საზოგადოებაში სხვა პირის შესვლა, თუმცა აუხსნელია, რატომ არ მოხდა მათ მიერ მისი კუთვნილი წილის შეძენა. ფაქტია, რომ დაზარალდა ნინო ნიჟარაძის ინტერესები და მას დარჩა ერთადერთი, სასამართლოს გზა“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, სახეზე გვაქვს აშკარა შემთხვევა, როდესაც „რუსთავი 2“-დან წასული თანხებით ფინანსდება კომპანია „ინტერმედია“ და ამ კომპანიის მიერ დაფუძნებული კომპანია „მესამე“, ეს თანხები კი შეიძლებოდა, მიმართულიყო საბიუჯეტო დავალიანებების დასაფარად.
„2016 წლიდან „რუსთავი 2“ ვერ იხდის საბიუჯეტო გადასახადებს. ამის მიზეზად დასახელდა გარკვეული აკრძალვები, რომ შემოსავლები არის შემცირებული და არსებობს ობიექტური მიზეზები და გარემოებები, რომელთა გამოც კომპანია საბიუჯეტო გადასახადებს ვერ იხდის. დღეის მდგომარეობით, თითქმის 24 მილიონ ლარამდეა ასული ეს დავალიანება. ამის პარალელურად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ეყრდნობა ტელეკომპანიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს. დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ შემოსავლების გარკვეული ნაწილი, რომელსაც უნდა იღებდეს „რუსთავი 2“, მიდის საშუამავლო რგოლთან, რომელსაც ჰქვია „ინტერმედია“. 2016 წლის მდგომარეობით, საშუამავლო კომპანიას თავისი საქმიანობისთვის რჩებოდა რეკლამის ექსკლუზიურად გაყიდვაში 7 პროცენტი. 2017 წლიდან ის გაიზარდა 30 პროცენტამდე. გვაქვს კითხვები, რატომ მოხდა 7-დან 30 პროცენტამდე საშუამავლო კომპანიის შემოსავლების ზრდა მაშინ, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს თანხები პირდაპირ მოაკლდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. ჩვენ ამ კონტრაქტს საზიანო კონტრაქტს ვუწოდებთ. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს კონტრაქტს, რომელიც შუამავალ რგოლს აძლევს 30 პროცენტს და ამით კომპანიას უკარგავს შემოსავალის მიღების საშუალებას. ეს თანხები კი წელიწადში 10 მილიონია. „ინტერმედიას“ დამფუძნებლები არიან მიხეილ მშვილდაძე და ზურაბ გუმბარიძე. ეს პირები ასევე გვევლინებიან დამფუძნებლებად „ფორმულა პრესკო ფროდაქშენის“. კომპანია თავის მხრივ არის სატელევიზიო არხ „მესამეს“ დამფუძნებელი, რომლის დამფუძნებელიც არის დიმიტრი საძაგლიშვილი. ჩვენი ცალსახა და აშკარა პოზიციით, ტელეკომპანია „მესამე“ წარმოადგენს „რუსთავი 2“-ის კონკურენტ კომპანიას მედიაბაზარზე. სახეზე გვაქვს აშკარა შემთხვევა, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წასული თანხებით ფინანსდება „ინტერმედია“ და ფინანსდება მათ მიერ დაფუძნებული კომპანია “მესამე“. „ინტერმედიაში“ მიდის გაუმართლებლად დიდი თანხები, რომლებიც შეიძლებოდა, მიმართული ყოფილიყო საბიუჯეტო დავალიანებების დასაფარად. რაიმეს მტკიცებით ფორმატში განცხადება რთულია, თუმცა ერთადერთი აზრი და ვარაუდი ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება გაჩნდეს, არის შემდეგი – ხომ არ არის ეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გაკოტრების მიზანმიმართული მცდელობა. სხვა რამით ამის ახსნა შეუძლებელია“, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.