ნინო ნიჟარაძე - აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საყურადღებოა, მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან რეკომენდაციები
ნინო ნიჟარაძე - აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საყურადღებოა, მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან რეკომენდაციები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 56 შემთხვევა გამოვლინდა, 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 058-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა ცხრა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე რეგიონში კლინიკაში მკურნალობს 169 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 46, ონლაინკლინიკაში კი 142.

რეგიონში კორონავირუსის დღიური მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და აუცილებელი რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვან.

„დღეს გვაქვს 56 ახალი შემთხვევა, რაც უდავოდ საყურადღებო მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე, დაიცვან რეკომენდაციები, გამოიყენონ პირბადე, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.