აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბათუმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტია აცრილი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბათუმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტია აცრილი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია.

მისი თქმით, სულ აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტინგენტის 62,8%, ანუ ჯამში აცრილია 220 670 ადამიანი, მათ შორის ორი დოზით აცრილია 102 075 მოქალაქე.

„მოხარული ვარ, რომ აჭარამ შეძლო სამიზნე კონტინგენტის 60%-ზე მეტის ვაქცინაცია. ჩვენი მიზანია 18 წელს ზემოთ მოსახლეობის სრულად იმუნიზაცია. ამისათვის დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში, სოფლებში ვაქცინაციის ტემპი უფრო გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, სხვა რეგიონებთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევათა სიმცირე სწორედ ვაქცინაციის მაღალი მოცვის მაჩვენებელს უკავშირდება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შესაძლებელია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, ამბულატორიებში, ასევე სპეციალური სივრცეა გამოყოფილი უნივერსიტეტის შენობაში. მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვაქცინის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.