ნინო ნიჟარაძე - ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი, ბავშვის მდგომარეობა კი მსუბუქი იყო და გაწერილია ბინაზე

ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება მხოლოდ ერთი პაციენტი, ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი, ბავშვის მდგომარეობა კი მსუბუქი იყო და გაწერილია ბინაზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„ამ პერიოდისთვის, ნანგრევებიდან ამოყვანილია მხოლოდ ერთი ქალბატონი, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში პოლიტრავმითა და მძიმე მდგომარეობით. რაც შეეხება ბავშვს, მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი, გაეწია დახმარება და ის უკვე გაწერილია ბინაზე. ასე რომ, ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება მხოლოდ ერთი პაციენტი. როგორც იცით, მიმდინარეობს დაზარალებულთა ამოყვანა და სამძებრო სამუშაოები და შესაბამისად, ყველა კლინიკა არის მობილიზებული, მიიღონ პაციენტები, გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
ქალის მდგომარეობა მძიმეა. მე ვიცი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით კლინიკის მენეჯერმა უკვე გააკეთა კონკრეტული კომენტარი. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ეს პოლიტრავმაა და არის მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა ნონო ნიჟარაძემ.

ნიჟარაძის თქმით, არ ფლობს დამატებით ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი.

„დილის საათები იყო,​ სკოლის პერიოდი, სამუშაო დღე, უმრავლესობა იყო ოჯახიდან გასული. ასე რომ, ეს ციფრი დაზუსტებულად ნამდვილად არ არის ცნობილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ამასთან, ნიჟარაძე ვერ ადასტურებს ინფორმაციას ნანგრევებიდან კონტაქტზე გამოსული ადამიანების შესახებ.

„იყო მსგავსი ინფორმაცია, თუმცა ამის დადასტურება ამ ეტაპზე ნამდვილად არ შემიძლია“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე კიდევ ერთი გადარჩენილი ბავშვის შესახებაც: „ჩვენი ინფორმაციით, ეს გახლდათ ბავშვი, რომელიც ავტომანქანაში იმყოფებოდა. ორ ბავშვზე იყო საუბარი, ავტომანქანაში მყოფ ორ ბავშვზე. მათ შორის, ერთს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მეორეს არა. მხოლოდ ერთი გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დღის განმავლობაში, რომლიც საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას. მისი მდგომარეობა იყო კარგი და გაეწერა ბინაზე, მაგრამ მეორე ბავშვს რაც შეეხება, ნანგრევებიდან სხვა ბავშვი არ ყოფილა ამოყვანილი. კლინიკაში ამ ეტაპზე ბავშვი არ რჩება“, – აღნიშნა ნიჟარაძემ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, მიდის მუშაობა, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადამიანების ნანგრევებიდან ამოყვანა.

„ძალიან რთული სიტუაციაა და რაც მალე მოხდება აღნიშნული ზეწოლის მოხსნა, კიდევ უფრო უკეთესია პაციენტისთვის. ამიტომ, ეს დაზუსტებული დრო რა თქმა უნდა არ არსებობს. ჩვენ და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ძალიან მალე იყოს ყველა დაზარალებული ამოყვანილი და ყველა გადაყვანილი იყოს კლინიკაში შესაბამისი დახმარების მისაღებად“, – განაცხადა ნინო ნიჟარძემ.

მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. მომხდარიდან მალევე ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომლის მდგომარეობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.