ნინო ლომჯარია - პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, შეიძლება თუ არა მინდელის შახტში მუშაობა
პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, შეიძლება თუ არა მინდელის შახტაში მუშაობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სამმხრივი კომისიის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად მინდელის სახელობის შახტში შრომითი უსაფრთხოების შესახებ დასკვნა უნდა მომზადდეს.
მისი თქმით, თუ შეფასება გამოავლენს, რომ შატხში შრომის უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია, სახელმწიფომ მასში დასაქმებულებს ალტერნატიული სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ შახტის უსაფრთხოების საკითხების სრულყოფილი, კვალიფიციური შესწავლა და დასკვნის დადება. ვიყავი ადგილზე და გავესაუბრე მხარეებს, ჩემი ინფორმაციითაც ძალიან მაღალი რისკის მქონე შახტია, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუნდაც ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მაღალი რისკია. მომავალშიც არ არის დაზღვეული უბედური შემთხვევებისგან. სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი ვნახეთ, ამიტომ ალბათ, პრინციპული გადაწყვეტილებაა მისაღები – შეწყვეტს თუ არა შახტი ფუნქციონირებას. შეწყვეტის შემთხვევაში, ადამიანებს, რომელთათვის საქმიანობის ერთადერთი საშუალება მაღაროში მუშაობაა, უნდა შეეთავაზოს დასაქმების ალტერნატიული გზები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფომ პარალელურად უნდა იფიქროს, რას შესთავაზებს ტყიბულში მაცხოვრებლებს სოციალური დაცვის თვალსაზრისით ალტერნატიული დასაქმების წყაროდ.
„თავად კომპანიისთვისაც არ არის ალბათ მისაღები, რომ იქ დრამატულად ვითარდებოდეს მოვლენები, რაღაც გამოსავალი არის მოსაძებნი. უნდა იქნას პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული – შეიძლება თუ არ შეიძლება მუშაობა შახტში. თუ არ შეიძლება, ისინი საარსებო წყაროს გარეშე არ უნდა დარჩნენ და სახელმწიფომ ამაზე უნდა იზრუნოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
აპრილის დასაწყისში ტყიბულში, მინდელის შახტში უბედური შემთხვევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა და სამი დაშავდა.